1-23 მარტს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 7 ლოკაციაზე მოემსახურება
1-23 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 7 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით.
შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება.
ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
| N | ადგილი | თარიღი | მისამართი | დრო |
| 1 | ლანჩხუთი | 01.03.2023 | ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით | 10:00-17:00 |
| 2 | გურჯაანი | 01.03.2023 | თამარ მეფის ქ. #9 (კურორტ ახტალის შესასვლელთან) | 10:00-17:00 |
| 3 | ლენტეხი | 02.03.2023 | თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ | 10:00-17:00 |
| 4 | ყვარელი | 02.03.2023 | კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან | 10:00-17:00 |
| 5 | ამბროლაური | 13.03.2023 | კოსტავას ქ. 20 | 10:00-17:00 |
| 6 | ყაზბეგი | 16.03.2023 | გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია | 10:00-17:00 |
| 7 | ონი | 23.03.2023 | აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ | 10:00-17:00 |
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.