პირველი მარტიდან ნადირობა იკრძალება
1 მარტიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ნადირობის სეზონის სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2027 წლის აგვისტოს ბოლომდე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. შესაბამისად ამ პერიოდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეოიბის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით გააძლიერებს კონტროლს, რადგან აკრძალვის პერიოდი ემთხვევა გადამფრენი ფრინველების გამრავლების ფაზას.
„1 მარტიდან უკვე აიკრძალება ნადირობა და რა თქმა უნდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ჯგუფები გააძლიერებენ კონტროლს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ნადირობისთვის ცხელ წერტილებში. აკრძალვის პერიოდი დადგენილია შესაბამისი სამეცნიერო კვლევის საფუძველზე, აქ ჩართულია არაერთი მეცნიერი, მათ შორის საბუნებისმეტყველო მიმართულებით და სამინისტროსთვის გაკეთებული რეკომენდაციის საფუძველზე აკრძალვის პერიოდი ემთხვევა სწორედ გადამფრენი ფრინველების გამრავლების პერიოდს და შესაბამისად, ამ პერიოდში, გაძლიერდება კონტროლი, რომ არ იყოს ნადირობა.
1 მარტიდან აიკრძალა აგვისტოს მეოთხე შაბათამდე. აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება ახალი სეზონი - რომელიც გაგრძელდება 2027 წლის 1 მარტამდე.
აკრძალვის პერიოდში, შესაძლებელია მონადირემ გაწვრთნას ძაღლი, ოღონდ უნდა ჰქონდეს დაუმუხტავი ტყვიები და აუცილებლად უნდა ნადირობდეს ნადირობისთვის დაშვებულ ადგილებში. თუ შევაჯამებთ წლევანდელ სტატისტიკას - გამოვლინდა 818 უკანონო ნადირობის ფაქტი. ფაქტების სიმრავლე მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ ბრაკონიერობა კვლავ გამოწვევად რჩება, თუმცა ხაზი უნდა გავუსვა, რომ ამ პერიოდში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იყენებს არა მხოლოდ ეკიპაჟებს, არა მხოლოდ ადამიანური რესურსით ხდება გამოვლენა, ასევე ჩვენ ფაქტების გამოვლენაში დაგვეხმარა თანამედროვე ტექნოლოგიები“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა მაია ჩხობაძე.
მიუხედავად იმისა, რომ 1მარტიდან საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად იხურება, შეზღუდვა არ შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ 16 სამონადირეო მეურნეობას, სადაც ნადირობა კვლავ დაშვებული იქნება წინასწარ დადგენილი კვოტების მიხედვით.
მოსახლეობისთვის საყურედღებოა, რომ უკანონო ნადირობისთვის დაწესებული ფულადი ჯარიმები 150-დან 3000 ლარამდე მერყეობს, თუმცა განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში სამართალდარღვევა შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობითაც დასრულდეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის, მაია ჩხობაძის განმარტებით, ადმინისტრაციულ სანქციებთან ერთად, კანონდამრღვევებს ემუქრებათ იარაღის კონფისკაცია და ნადირობის უფლების 3 წლამდე ჩამორთმევა. იმ შემთხვევაში კი, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2000 ლარს გადააჭარბებს, საქმეს საგამოძიებო ორგანოები სისხლის სამართლის მუხლით განიხილავენ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა
27.04.2026.18:20
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა. მას ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და მამუკა ბარათაშვილი, ასევე შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ირაკლი (დაჩი) ბერაიას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.
შეხვედრაზე მან, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა შემოსავლების სამსახურის მუშაობის მნიშვნელობას ქვეყნის წინსვლისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გაგრძელდება ყველა ის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტიან საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებას.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ მაღლაკელიძე კარგად იცნობს შემოსავლების სამსახურის სისტემას, ვინაიდან მას წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმს და იმედი გამოთქვა, რომ მისი წარმატებული საქმიანობა გაგრძელდება ახალ სამსახურში მუშაობის პერიოდშიც.
თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ მადლობა განაცხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახური უწყების თანამშრომლებთან ერთად, კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობას.
შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ მადლობა გადაუხადა კოლეგებს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სამსახურებრივი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მან მიხეილ მაღლაკელიძეს წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე მუშაობის პროცესში.