100 დღე საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე - საქართველოს სამ ქალაქში უკუთვლის საათები ჩაირთო
ერთ-ერთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენამდე 100 დღე დარჩა - საქართველო და რუმინეთი 21 ივნისიდან „უეფას“ 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ჩემპიონატის მასპინძელ სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართა და უკუთვლის საათები ჩაირთო, რომლებიც თბილისში - პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში - ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ, ხოლო ბათუმში ცენტრალური ბულვარის შესასვლელში განთავსდა.
თბილისში მიმდინარე ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძე გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფები და მაქვს შესაძლებლობა, დავაანონსო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემპიონატი, რომლის დაწყებამდე 100 დღე დარჩა. ძალიან მეამაყება როგორც დედაქალაქის მერს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში გაიმართება ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება. გარდა ამისა, ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, რომ 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი საქართველოში და რუმინეთში გაიმართება. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, ფეხბურთი, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტად უყვართ და ძალიან მსიამოვნებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს წარმატება ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე და პროექტებზე, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ფეხბურთის განვითარებისთვის.
კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდა და ნორჩ ფეხბურთელებს მიმართა.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ითამაშოთ ფეხბურთი და წარმატებით წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, მსოფლიოს გააცნოთ საქართველო, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია, უდიდესი კულტურა, რომლითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, როგორც გითხარით, 100 დღე დარჩა ამ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების დაწყებამდე. საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა, ქალაქები, კულტურა, ტრადიციები და ამით ვიამაყოთ. ვაჩვენოთ, როგორი სტუმარმასპინძლობა ვიცით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ჩემპიონატის ორგანიზატორებს, უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.
21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით შედგება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს და A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ჯგუფური ეტაპის ყველა თამაში დინამო არენაზე გაიმართება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.