12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა.
კახეთში გადამუშავებული 252 091 ტონა ყურძნის 99,4%-მდე - 250 401 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა. ჩაბარებული ყურძნის მხოლოდ 0,6% -მდე - 1 690 ტონაა უხარისხო და მკვახე.
გადამუშავებული ყურძნიდან 121,8 ათასი ტონა რქაწითელი, 114 ათასი ტონა საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 24 ლოკაციაზე იბარებს.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახე დააბინავებს მოსავალს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.
რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, ტაილანდში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
12.10.2026.11:29
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე.
ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან იერუნ კლიკსა და მარნიქს ვან რეისთან, ასევე შეხვდება ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს.
სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი IMF-ის ორგანიზებით და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის ჯიჰად აზურის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს „Governor Talk“ სესიაში, სადაც გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და ინფლაციური გამოწვევების პირობებში მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე, ინფლაციის მართვაზე, დედოლარიზაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავენ ჩინეთის ცენტრალური ბანკის მმართველთან, ასევე ნათია თურნავა შეხვდება არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველს. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებიც.
ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.