13 სექტემბერს, დედაენის ბაღში ქართული მარკების ფესტივალი გაიმართება
13 სექტემბერს, დედაენის ბაღში, საქართველოს ფოსტის ინიციატივით “ქართული მარკების ფესტივალი 2026” პირველად გაიმართება.
11:00 - დან 20:00 საათამდე დედაენის ბაღში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართულ საფოსტო მარკებს განსხვავებული ფორმით გაეცნონ, დაათვალიერონ, შეიძინონ ისინი და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობაში.
ფესტივალის მთავარი მიზანია საფოსტო მარკა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს - როგორც ქართული ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი.
“ქართული მარკების ფესტივალი 2026” გააერთიანებს როგორც საფოსტო მარკების კოლექციონერებს, ისე მათ, ვინც პირველად აღმოაჩენს მარკების ისტორიასა და დიზაინს.
ფესტივალის პროგრამა
12:00 - 16:00 | კალიგრაფიის სივრცე
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, კალიგრაფისტის დახმარებით საკუთარი ტექსტი განსაკუთრებული კალიგრაფიული შესრულებით გააფორმონ.
14:00 - 17:00 | ზალიკო სულაკაური
კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური ბავშვებისთვის სპეციალურ მასტერკლასს ჩაატარებს და ფესტივალის სტუმრებისთვის სახალისო კარიკატურებს შექმნის.
12:00 - 17:00 | ანიმატორები
ანიმატორები მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს სახალისო აქტივობებში ჩართავენ და ღონისძიებას კიდევ უფრო სადღესასწაულო განწყობას შესძენენ.
11:00 - 20:00 | წერილის წერის ზონა
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაწერონ წერილი სასურველი ადრესატისთვის, გააფორმონ და საქართველოს ფოსტის საშუალებით და გაუგზავნონ მას.
13:00 - 15:00 | სასაუბრო სივრცე
სტუმრები შეძლებენ შეხვდნენ საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებს, საფოსტო მარკების დიზაინერებსა და სფეროს სხვა მონაწილეებს, გაეცნონ საფოსტო მარკების შექმნის პროცესსა და საინტერესო ისტორიებს.
11:00 - 20:00 | საფოსტო მარკების სივრცე
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ და შეიძინონ მათთვის სასურველი ქართული საფოსტო მარკები.
11:00 - 20:00 | ფოტოზონა
ფესტივალის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში თემატურად გაფორმებული ფოტოზონა დახვდებათ სამახსოვრო კადრებისთვის.
მისამართი: თბილისი,დედაენის ბაღი
თარიღი:13 სექტემბერი, 2026
დრო: 11:00 - 20:00
დასწრება თავისუფალია
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.