16 და 17 სექტემბერს მდინარე არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება
16 და 17 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ სახიდე გადასასვლელებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა აუცილებელია თბილისი–სენაკისა და სენაკი–თბილისის მიმართულებებზე არსებული ხიდების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის სამუშაოების ჩასატარებლად.
სამუშაოები მოიცავს ხიდების სტატიკურ და დინამიკურ გამოკვლევას. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება და მოძრაობა ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაერთვება.
16 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება თბილისი–სენაკის მიმართულებით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა მე-19 კმ-დან გადაერთვება ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზაზე. ამავე პერიოდში სენაკის მიმართულებით ჩაიკეტება ზაჰესის, წიწამურისა და წიწამურის ხევის სატრანსპორტო კვანძებზე არსებული შესაბამისი პანდუსები.
17 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება სენაკი–თბილისის მიმართულებით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურისა და ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზებზე და ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუკავშირდება თბილისი–სენაკი–ლესელიძისა და თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზებს.
მოძრაობის დროებითი შეზღუდვისა და გადართვის პერიოდში ადგილზე გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებები.
არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ, Nasdaq-თან პარტნიორობით, „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს" უმასპინძლეს
14.09.2026.16:57
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026" გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში „საქართველოს ბანკი", „თიბისი ბანკი", „ლიბერთი ბანკი", „ტერაბანკი" და „ბაზისბანკი" სახაზინო ოპერაციებს განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს. საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად.
ფორუმი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა, რომლის თქმით, თანამედროვე, ლიკვიდური და საერთაშორისოდ დაკავშირებული ფინანსური ბაზარი აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
„ჩვენი ამოცანაა, საფინანსო ბაზრის განვითარებისთვის ამ დრომდე შექმნილი საფუძველი რეალურ საბაზრო აქტივობად გარდავქმნათ - მივიღოთ უფრო მეტი ჰეჯირების ინსტრუმენტები, მეტად აქტიური და ლიკვიდური ბაზარი და ადგილობრივ მოთამაშეებს ჰქონდეთ საერთაშორისო ინვესტორებთან და კონტრაგენტებთან უფრო მჭიდრო კავშირები", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
„საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის" აღმასრულებელი მდივნის ლაშა ჯუღელის განცხადებით, GFMTA-ის ამოცანაა, ხელი შეუწყოს ინიციატივებს, რომლებიც ეხმარება საქართველოს ფინანსურ ბაზრებს გახდეს უფრო ღრმა და აქტიური, და ამ გზაზე ერთ-ერთ მთავარ ტექნოლოგიურ საყრდენს Nasdaq Calypso-ს საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვა წარმოადგენს.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საბანკო სექტორის სტაბილურმა ზრდამ წარმოშვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახაზინო ინფრასტრუქტურის საჭიროება. Nasdaq Calypso სისტემის დანერგვა ბანკებს მისცემს საშუალებას, მართონ სახაზინო ოპერაციები და ძირითადი რისკები ერთიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში. პროექტის მონაწილე ხუთი ბანკი ბაზრის მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს, თუმცა პროექტი მოიაზრებს მომავალში უფრო მეტად გაფართოებას და ახალი მონაწილე ბანკების დამატების შესაძლებლობას", - განაცხადა ლაშა ჯუღელმა.
Nasdaq-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის ბრედ უილმოტის თქმით, Nasdaq, როგორც ტექნოლოგიური პარტნიორი, ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFMTA-ის ინიციატივას.
„საზიარო სახაზინო მართვის სისტემა ყველა მონაწილე ბანკს აძლევს წვდომას იმავე ინსტიტუციური დონის ტექნოლოგიასა და სტანდარტებზე, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი ბაზრები იყენებენ. Nasdaq-ისთვის დიდი პატივია, ვიყოთ საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFMTA-ის ტექნოლოგიური პარტნიორი ამ მნიშვნელოვან გზაზე, და მოუთმენლად ველით ამ თანამშრომლობის გაგრძელებას", - აღნიშნა ბრედ უილმოტმა.
საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ოფიციალური პირები, მათ შორის ცენტრალური ბანკები, სახელმწიფო უწყებები, კომერციული ბანკები, საბაზრო ინფრასტრუქტურის პროვაიდერები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მონაწილეები, რომლებმაც საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) ფარგლებში მიღწეული პროგრესი და შემდგომში დაგეგმილი ნაბიჯები განიხილეს. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბაზრების განვითარების საერთაშორისო გამოცდილება, ქართული ბანკების სახაზინო ოპერაციების ტრანსფორმაცია, ლარში დენომინირებული დერივატივების ბაზრის სამართლებრივი საფუძვლები და პრაქტიკული მექანიზმები, და ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდობის ზრდის საკითხები.
აღსანიშნავია, რომ GMAP ფორუმის ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება. ამასთან, GMAP-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFMTA-ის მიერ, პროგრამის მიზნების მხარდასაჭერად, წლის განმავლობაში სხვა ტიპის დამატებითი აქტივობებიცაა დაგეგმილი.