18-მეტრიან ავტობუსს შეუძლია 8 წუთში ერთდროულად 120 ადამიანის გადაყვანა - მაია ბითაძე
18-მეტრიან ავტობუს შეუძლია ერთდროულად 120 ადამიანის გადაყვანა ნაცვლად 20 წუთისა, 8 წუთში. შესაბამისად, ის პოლიტიკა, რომელზეც აგებულია დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა, ერთადერთი გამოსავალია, რომ ამ ქალაქში გადაადგილება გაუმჯობესდეს როგორც ფეხით მოსიარულისთვის, ასევე კერძო სატრანსპორტო საშუალების გამომყენებელი ადამიანისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვი - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკა, ერთადერთი გამოსავალია თბილისში გადაადგილების გაუმჯობესებისთვის.
„ახლა ვუსმენდი ბატონ სანდროს [რაქვიაშვილი] და მიკვირს, როგორ მოახერხა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება გადაადგილების შეზღუდვად შეფუთა, მაშინ როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც დედაქალაქშია, არის ის პოლიტიკა, რომელიც თანამედროვე საფუძვლებზე დაყრდნობილია და დაყრდნობილია მოდელირებისა და გადაადგილების გაუმჯობესების იმ პრინციპებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს. არ შეიძლება ასე დაუზუსტებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმის თქმა, რომ თურმე კომფორტია 21-ე საუკუნის ურბანულ სივრცეში მანქანით გადაადგილება, რომელიც დღეს არის საცობის, ჰაერის დაბინძურების და ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების ერთ-ერთი აქტიური წყარო. მარტივად რომ გითხრათ, დღესდღეობით ის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც დედაქალაქშია, ეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და დღეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებამ მოგვცა საშუალება, რომ უკვე მოძრაობს 18 და 12-მეტრიანი ავტობუსები.
დღეს ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, იგეგმება მოდელირების მეთოდზე დაყრდნობით და იგეგმება ისე, რომ გზა თანაბრად იყოს გადანაწილებული ფეხით მოსიარულისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და მსუბუქი ავტომობილისთვის. ახლა შუქნიშნების მოდელირების პროგრამა მიმდინარეობს, რომ აღარაფერი ვთქვა საწვავის ხარისხზე და იმ დანარჩენ რეგულაციებზე“, - განაცხადა ბითაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.