2023 წელს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი - 561 ათასი ფიზიკური პირი აბონენტი 30 მბ/წმ-იან ინტერნეტ პაკეტს მოიხმარდა, 245 ათასი კი 25 მბ/წმ-იანს
კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ყველაზე მოთხოვნად პაკეტს კვლავ 30 მბ/წმ-იანი პაკეტი წარმოადგენს, ხოლო მაღალსიჩქარიანი - 100 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობა სულ 10 ათასია, რაც საქართველოში არსებული ფიზიკური პირი აბონენტების მხოლოდ 1%-ს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი სიჩქარის პაკეტით ევროპაში ოჯახების ნახევარზე მეტი - 55% სარგებლობს. აღნიშნული მონაცემები კი ეხმიანება„ბენჩმარკინგის" კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ინტერნეტის მოხმარება, მაღალი ფასებიდან გამომდინარე - ქართველი აბონენტებისთვის შეზღუდულია.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თბილისში ფიზიკურ პირ აბონენტებში, ფიქსირებული ინტერნეტ პაკეტების ყველაზე მოთხოვნად პაკეტს, წინა წლის მსგავსად წარმოადგენს 30 მბ/წმ სიჩქარის პაკეტი, რომლის აბონენტების რაოდენობაც 2023 წლისთვის 14 ათასით გაიზარდა და 268 ათასი შეადგინა. მეორე ყველაზე მოთხოვნადი პაკეტი კვლავ 25 მბ/წმ-იანი პაკეტია, თუმცა, აბონენტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით, 2023-ში 2 ათასით შემცირდა და 109 ათასს გაუტოლდა. რაც შეეხება 20 მბ/წმ სიჩქარის პაკეტს, 2023-ში მას 11 ათასი აბონენტით ნაკლები - 5 ათასი აბონენტი ჰყავდა. 7 ათასით გაიზარდა 35 მბ/წმ-იანი პაკეტის მომხმარებლების რაოდენობა და 31 ათასი შეადგინა, ხოლო 50 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობა 4 ათასით გაიზარდა და 25 ათასი გახდა. რაც შეეხება მაღალსიჩქარიან 100 მბ/წმ-იან პაკეტს, მას 2023 წელს თბილისში 8 ათასი აბონენტი მოიხმარდა, რაც წინა წელთან შედარებით ათასი აბონენტით მეტია.
რაც შეეხება რეგიონებს, თბილისის მსგავსად, 30 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ პაკეტი კვლავ ყველაზე პოპულარულია და ამ არეალებში მას 292 ათასი აბონენტი მოიხმარს, რაც 2022 წელთან შედარებით, 6 ათასი აბონენტით მეტია. 2 ათასით არის გაზრდილი 25 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობაც, რაც 2023 წლის მონაცემებით 136 ათასს უტოლდება. ასევე 2 ათასით გაიზარდა 20 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობა და სულ 27 ათასი შეადგინა. 35 მბ/წმ-იანი პაკეტის შემთხვევაში, აბონენტების რაოდენობამ 2023 წლისთვის 13 ათასით მოიმატა და 19 ათასი გახდა. ათასი აბონენტით გაიზარდა 50 მბ/წმ-იანი პაკეტის მომხმარებლების რაოდენობა და 7 ათასი შეადგინა. რაც შეეხება მაღალსიჩქარიან 100 მბ/წმ-იან პაკეტს, რეგიონებში მას მხოლოდ 2 ათასი აბონენტი მოიხმარს, რაც 2022 წელთან შედარებით 2 ათასი აბონენტით ნაკლებია.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.