2024 წელს ეკონომიკის ყველა სექტორში საშუალო ხელფასების ზრდა დაფიქსირდა - ვახტანგ ცინცაძე
2024 წელს მაღალი ეკონომიკური აქტივობა აისახა წლის საშუალო ხელფასებზე და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის - ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მონაცემით, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 11,5%-ით, დაახლოებით 200 ლარით არის გაზრდილი და 1970 ლარს აჭარბებს.
„2024 წელს საქართველოს ჰქონდა 9.4% - იანი ეკონომიკური ზრდა, რაც, აისახა დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატებაში. თუ შევხედავთ რეალურ შრომის ანაზღაურების ზრდას (ხელფასების ზრდას ინფლაციის გამორიცხვით), დაქირავებით დასაქმებულთა რეალური ხელფასის 10% -ზე მაღალი ზრდა ფიქსირდება " - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, აღნიშნული ტენდენციები მომავალ წლებშიც გაგრძელდება. „2025 წელს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება საქართველოში და მოსალოდნელია, რომ ასევე მაღალი იქნება შრომის ანაზღაურების ზრდის ტემპიც. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ის პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ეკონომიკაში ფიქსირდება, გაგრძელდება საშუალოვადიან პერიოდშიც და საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონსა და ევროპაში, ასევე გლობალური მასშტაბითაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით," - ხაზი გაუსვა ვახტანგ ცინცაძემ.
„საქსტატის" თანახმად, 2024 წელს საშუალო ხელფასების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, როგორც ბიზნეს, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.