2024 წელს თბილისს გარე განათება 33 000 000 ლარი დაუჯდება
2024 წელს თბილისს გარე განათება 33 000 000 ლარი დაუჯდება. სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დედაქალაქის მერია ქალაქის ტერიტორიაზე გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ მხატვრული მინათების ქსელის ექსპლუატაციის მომსახურების შესყიდვას გამარტივებული წესით ითხოვს.
აღნიშნული სერვისის მიწოდებას კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“ ახდენს.
დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ მხატვრული მინათების ქსელი წარმოადგენს ერთიან ქსელს და გააჩნია მართვის ერთი პულტი. დღეის მდგომარეობით კი, მხოლოდ შპს „თბილსერვის ჯგუფს“ გააჩნია დისტანციური ცენტრალიზებული მართვის და კონტროლის სისტემა.
დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ მხატვრული მინათების ქსელს და მისი ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია მისი დანაწევრება, ვინაიდან, ქსელს გააჩნია მართვის ერთი პულტი. თავად გარე განათების ქსელი წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას და შედგება დაახლოებით 160 000 სანათი წერტილისაგან.
„შესაბამისად, დაინტერესებული პირის მომართვის შემთხვევაშიც, რომელიც შესაძლოა დაინტერესებული იყოს ქსელის ექსპლუატაციის მომსახურების გაწევით, აუცილებელი იქნება თითოეული სანათი წერტილის აღწერა და ექსპლუატაციის მიზნით შესაბამისი გეგმის წარმოდგენა, რათა უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელსაც დედაქალაქის ტერიტორიაზე წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტო, გაცემული იქნეს ნებართვა, ხოლო აღნიშნული ნებართვის მიღების შემთხვევაში კი უკვე თავად ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით მართვის პულტის მშენებლობა. აღნიშნული პროცედურები საჭიროებს ძალიან ხანგრძლივ პერიოდს.
აქვე დამატებით აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ მხატვრული მინათების ქსელის ექსპლუატაციას, სხვა არცერთი დაინტერესებული პირის მომართვა არ დაფიქსირებულა, ზემოაღნიშნული პროცედურების განსახორციელებლად“, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.