2025 წელს ქვეყნიდან IT სერვისების ექსპორტი $1.2 მილიარდის ფარგლებში იქნება - ვაკო თურნავა
საქართველოს ეკონომიკაში ICT სექტორის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის წევრმა ვაკო თურნავამ განაცხადა, IT სფეროს წილი მშპ-ში უკვე 8%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით მკვეთრი ზრდაა და მას საგადასახადო შეღავათები, საერთაშორისო კომპანიების ზრდა და ექსპორტის გაფართოება განაპირობებს.
„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის მშპ-ს 8%-ს ზუსტად IT ტექნოლოგიებმა შეადგინა. ეს არის ზუსტად ის მიმართულება, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ.
ეს ზრდა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, არა მარტო დღევანდელმა სიტუაციამ, არამედ ზუსტად იმ პოლიტიკამ, რაც გავატარეთ. კერძოდ, ძალიან კარგად იმუშავა იმ 5%-იანმა განაკვეთმა საშემოსავლოზე, რაც ჩვენ წლების წინ დავნერგეთ. დღეს საქართველოში ოპერირებს 207-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩამოდიან უცხოელები საქართველოში, ხსნიან აქ კომპანიებს, ძირითადად ქართველებს ასაქმებენ და საქართველოდან ეწევიან IT ექსპორტს.
და ზუსტად ასეთი ექსპორტი 2025 წლის 9 თვის მონაცემებით არის დაახლოებით 800 მილიონი დოლარი, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. 2025-ში ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება, რაც ამ სფეროსთვის არის ძალიან კარგი. და ვფიქრობ, რომ კიდევ ის ინიციატივები, რა ინიციატივებიც გვაქვს, მოგვცემს კიდევ იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ. მე ვგულისხმობ შრომით ბინადრობას, რაც შარშან მე პირადად დავაინიციირე. არის პატარა ხარვეზები, უფრო სწორად ჯერ მაინც ეჭვის თვალით უყურებენ, სამწლიან ბინადრობას ვგულისხმობ“, - აღნიშნა ვახტანგ თურნავამ.
პარლამენტის წევრის განცხადებით, საქართველო ცდილობს IT სპეციალისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ მიმართულებად ჩამოყალიბდეს. მისი თქმით, ინიციატივა სამწლიანი ბინადრობის შესახებ მიზნად ისახავს უცხოელი IT პროფესიონალების მოზიდვას, რათა მათ საქართველოში იცხოვრონ, იმუშაონ და ქვეყნის ეკონომიკაში დამატებითი ვალუტა და ცოდნა შემოიტანონ.
„სამწლიანი ბინადრობა გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კონკრეტულად IT სფეროში არის დასაქმებული - IT ვინაიდან არის მაღალანაზღაურებადი პროფესია - ჩვენ ვეძახით ექსპატებს, ანუ უცხოელებს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და არა სხვა ქვეყანაში. ძირითადად ბალიზე და ასეთ ქვეყნებში მიდიან, სადაც ცხოვრობენ და იქიდან მუშაობენ და იქ შეაქვთ ეს დოლარი. მაგრამ ჩვენ ვეუბნებით, რომ არა, საქართველოა ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც შენ ნამდვილად გინდა, რომ აქ იცხოვრო, იმუშაო და აქ შემოიტანო ის IT ექსპორტი, ანუ ის ვალუტა, ის განათლება.
აღსანიშნავია ე.წ. „სპილოვერის“ (spillover) ეფექტიც, როდესაც საქართველოში უცხოელი სპეციალისტი ჩამოდის და აქედან მუშაობს, ის ცოდნას გარშემომყოფებსაც უზიარებს და მათ დასაქმებაშიც ეხმარება. გარდა ამისა, როდესაც საერთაშორისო დამსაქმებელი ხედავს, რომ მისი თანამშრომელი საქართველოდან წარმატებით მუშაობს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარი რეკლამაა. შედეგად, როდესაც სხვა ქართველი სპეციალისტი იმავე ან მსგავს კომპანიაში ცდილობს დასაქმებას, დამსაქმებელს უკვე აქვს დადებითი გამოცდილება და ნდობა ქართული სამუშაო ბაზრის მიმართ.
ეს გვაძლევს უპირატესობას სხვა ქვეყნებთან შედარებით. არიან კონკურენტი ქვეყნები, სომხეთიც ძალიან აქტიურად ჩაერთო ასეთი ნაკადის თავისკენ დაჭერისთვის, ასევე ესპანეთიც ჩაერთო, ასევე სერბეთი და ჩვენ სწორ დროს, სწორ მომენტში მივიღეთ გადაწყვეტილება. სამწლიანი ბინადრობა უადვილებს მათ საქართველოში დარჩენას და იმ რისკებს უზღვევს, რომ რაღაც ერთ წლის მერე რა ვქნა, ის აღარ ექნებათ. პირიქით, სამი წელი არის ზუსტად ის ვადა, რაც შეუძლიათ, რომ დარწმუნებით იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და აქედან იმუშავებენ“, - აღნიშნა ვაკო თურნავამ.
სხვა სიახლეები
სინდიკაციის მეთოდით სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება, მიზნად ისახავს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე
29.05.2026.20:30
სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება მიზნად ისახავს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე, გაზრდილი მოცულობის შეთავაზება, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესის დასაკმაყოფილებად, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას.
როგორც მან აღნიშნა, საშინაო ფასიანი ქაღალდების ამ გამოშვებამ მაღალი დაინტერესება გამოიწვია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან - მთლიანმა მოთხოვნამ 1.8 მილიარდ ლარამდე შეადგინა, რაც გამოსაშვებ მოცულობას 4.5-ჯერ აღემატება.
მისი თქმით, სინდიკაციის პროცესში, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ფასი ორჯერ შემცირებულიყო და პრაქტიკულად, იმ პერიოდში არსებული იგივე ვადიანობის საბაზრო ფასთან გათანაბრებულიყო.
„საბოლოოდ, აღნიშული ფასიანი ქაღალდების 65% არარეზიდენტი, ხოლო 35% ადგილობრივი ინვესტორებისთვის განთავსდა. გეოგრაფიული კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ არარეზიდენტი ინვესტორების დიდ ნაწილს შეადგენენ ინვესტორები გაერთიანებული სამეფოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კონტინენტური ევროპიდან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე გამოშვება განხორციელდა 2026 წლის ბიუჯეტით საშინაო ვალისთვის განსაზღვრული მთლიანი ზღვრული მოცულობის ფარგლებში და შესაბამისად, აღნიშნული განთავსებით არ მომხდარა ბიუჯეტისთვის დამატებითი რესურსის მოძიება ან დამატებითი ვალის მთლიანი მოცულობის ზრდა.