2025 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 32.5 ათასმა სტუდენტმა - საქსტატი
2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 45 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64.1 პროცენტი ქალაქ თბილისშია. 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 58.6 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 31.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 27.0 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 8.0 პროცენტით. აღნიშნულია შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 195.4 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 4.1 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტების 55.3 პროცენტი, ხოლო კერძოში - 44.7 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 52.1 პროცენტი ქალია, ხოლო 47.9 პროცენტი - კაცი.
2025 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 32.5 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 9.9 პროცენტით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 58.8 პროცენტი ქალია, ხოლო 41.2 პროცენტი - კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 12.7 პროცენტით აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 44.4 ათასი შეადგინა, რაც 19.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 12.2 ათასი პროფესორმასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია.
2025 წელს, უნივერსიტეტებში მიიღეს 720 დოქტორანტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლეთან შედარებით 2.9 პროცენტით მეტია. დოქტორანტების რიცხოვნობა 0.1 პროცენტით გაიზარდა და 3 025 შეადგინა.
წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 16.0 პროცენტით შემცირდა და 368 პირი შეადგინა.
სხვა სიახლეები
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს
08.09.2026.13:26
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოქმედი კანონმდებლობისა და სემეკის N32 დადგენილებით დამტკიცებული წესების შესაბამისად, 2026 წლის აგვისტოში, წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე არსებული დაურეგისტრირებელი მიერთებების აღრიცხვისა და მოწესრიგების პროცესი განახორციელა.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა ყველა მომხმარებლისთვის თანაბარი და სამართლიანი პირობების უზრუნველყოფას, სისტემაში არსებული დაურეგისტრირებელი ობიექტების იდენტიფიცირებასა და მოწესრიგებას.
მონაცემთა დამუშავების პროცესში გამოვლინდა ტექნიკური და სისტემური ხარვეზები, რის შედეგადაც დაფიქსირდა ცდომილებები და რიგ აბონენტებს არასწორად დაერიცხათ დავალიანება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღიარებს დაშვებულ შეცდომას, მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად და ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი ვითარებისთვის.
კომპანიის შესაბამისი სამსახურები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული აბონენტის შემთხვევას. მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ, ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით 10 სექტემბერს, დღის ბოლომდე მიეწოდებათ და არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბონენტებს შეუძლიათ მიმართონ ჯივიპის ცხელ ხაზსა და სერვის ცენტრებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უზრუნველყოფს თითოეული საკითხის ინდივიდუალურ, ოპერატიულ განხილვასა და დარიცხული თანხის დაკორექტირებას.