2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო - გივი მიქანაძე
ჩვენ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტში უკვე ჩარიცხულ ყველა სტუდენტს, უზრუნველვყოფთ დაფინანსების იმავე მექანიზმით, რომელიც აქამდე იყო მათთვის შეთავაზებული. 2026 წლიდან კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, ის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა მეტად ორიენტირებულია სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე არახალია და რეფორმის დაანონსების დღიდან არის ცნობილი საზოგადოებისთვის, მათ შორის, უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის.
„უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული რეფორმის დაანონსების დღიდან ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რეფორმის მთავარი აქცენტი კეთდება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა შეასრულონ სახელმწიფოს დაკვეთები ბაზრის კვლევებისა და საჭიროებების მიხედვით. შესაბამისად, დაფინანსების ძირითადი რესურსების მობილიზება ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდება. ეს სიახლეს არ წარმოადგენს. კერძო უნივერსიტეტებისთვისაც თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ახალი დაფინანსების მოდელი მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იქნება მიმართული.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სტუდენტები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე - მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე - ეს შეზღუდვა არ გავრცელდება და მათთვის დაფინანსების არსებული კომპონენტი ძალაში დარჩება‘‘, - აღნიშნა მინისტრმა.
გივი მიქანაძემ უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვისას მათაც შეეხება.
„უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით, მომდევნო სასწავლო წლიდან დაწესდება გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიზნით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება. გამონაკლისად განიხილება ორმხრივი შეთანხმებები, გაცვლითი და სპეციალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა ფორმატით.
საგულისხმოა, რომ ყველა ის უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა საქართველოში, შეძლებს ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო, ხოლო 45 - კერძო. შესაბამისად, მათ თავისუფლად შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ და სასურველ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასურველ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა,‘‘ - განაცხადა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქში იმყოფება
14.05.2026.18:56
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცოტნე ჩიქვინიძე - ბელგრადში მხარეთა დაახლოების, გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის, განცხადებით, მსგავსი ტიპის ვიზიტები ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული პრაქტიკის გაცნობას.
„ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო, მათ შორის ეკონომიკური გამოწვევები. სწორედ ამიტომ მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განვიხილეთ და დაგვეგმეთ შემდგომი საქმიანი ვიზიტი ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
შეხვედრა გაიმართა ბელგრადის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვიცე-პრეზიდენტ იგორ იავანოვიჩთან, ასევე, ბელგრადის საკრებულოს წევრებთან ვლადიმერ ტრაჟკოვიჩთან და მირა იავანოვიჩთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას და მუნიციპალური მართვის თანამედროვე მიდგომებს. თბილისის საკრებულოს წევრები შეხვდნენ ასევე ქალაქ ბელგრადის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს, კატერინა კუბრიკს და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელს, ვიოლეტა ფილიპს და ქალაქის ეკონომიკური განვითარების, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები აერთიანებს მუნიციპალური სერვისების, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე.