2026 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 6.1%-ით გაიზარდა და 6.2 ტვტ.სთ შეადგინა - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - მაისი 2026”-ს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია სექტორის ძირითადი ტენდენციები, გამოწვევები და შესალებლობები.
,,2026 წლის მაისში, ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტი 73.1%-ით შემცირდა 0.05 ტვტ.სთ-მდე. შედეგად, ჯამურმა მოთხოვნამ 8.6%-ით იკლო 1.2 ტვტ.სთ-მდე.
მაისი ისტორიულად საექსპორტო თვეა, რაც ჰიდროსადგურების სეზონურობითაა გამოწვეული. 2026 წლის მაისში, მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, ელექტროსისტემამ შეზღუდა ელექტროსადგურების მუშაობა, რის გამოც ადგილობრივმა გენერაციამ წლიურად 9.5%-ით იკლო.
ექსპორტის მკვეთრი კლება თურქეთის ბაზარზე ფასების ისტორიულ მინიმუმამდე - საშუალოდ 1.8 აშშ ცენტ/კვტ.სთ-მდე - შემცირებამ განაპირობა, რაც ხელსაყრელ ჰიდროლოგიურ პირობებსა და მზის გენერაციის ზრდას უკავშირდება. თურქეთში მზის სიმძლავრეების ზრდამ შესაძლოა ზაფხულის ფასებზე ზეწოლა მომავალშიც შეინარჩუნოს, თუმცა ეფექტი ბაზრისა და ჰიდროლოგიურ პირობებზეც იქნება დამოკიდებული.
2026 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 6.1%-ით გაიზარდა და 6.2 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტისა და თბოგენერაციის წილი ჯამურ მიწოდებაში 36.3% შეადგენდა (vs 31.1% 2025 წლის 5 თვეში). გაზრდილი იმპორტ-დამოკიდებულება იანვარ-აპრილში და შემცირებული ექსპორტი მაისში საქართველოს სეზონურ გამოწვევებს უსვამს ხაზს.
მთლიანობაში, 2026 წლის მონაცემები მიუთითებს ისეთი გენერაციის ობიექტების განვითარების საჭიროებაზე, რომლებიც პასუხობენ საქართველოს სეზონურ გამოწვევებს, მაგალითად რეზერვუარიანი ჰიდროსადგურებისა და ქარის სადგურების. ამასთან, მონაცემები ხაზს უსვამს ენერგიის დამაგროვებლებისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას”, - წერს Galt & Taggart-ი.
სხვა სიახლეები
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
04.07.2026.23:29
ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს. ვუსურვებთ მათ მშვიდობასა და განვითარებას! - საქართველოს დედაქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს ულოცავს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა.