23 მაისის 20:00 საათიდან 23:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 23 მაისის 20:00 საათიდან 23:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გავლით.
შოთა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერიამდე“ და უკუმიმართულებით.
N350, N371 და N344 ავტობუსები და N547 მიკროავტობუსი კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებენ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. შემდეგ, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობს, გადაადგილებას შეძლებს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“, რის შემდეგ მობრუნდება სავაჭრო ცენტრ „გალერიასთან“ და ბარათაშვილის ქუჩას გიორგი ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძისა სახელობის ქუჩების და მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება, შემდეგ კი გზას დადგენილი სქემის მიხედვით გააგრძელებს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.