24 ივლისს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ოფიციალურად გაიხსნება
24 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება ახალი მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ერთ ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და კვლევით ინფრასტრუქტურას.
ჰაბში დაინტერესებულ პირებს დახვდებათ:
თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეები, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, TUMO ქუთაისი -კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურა.
ჰაბის მიზანია სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანებს შეუქმნას შესაძლებლობა ისწავლონ, შექმნან, გამოსცადონ და განავითარონ ტექნოლოგიური იდეები ერთ სივრცეში.
25 ივლისიდან ჰაბი პირველ სტუმრებს უმასპინძლებს.
სხვა სიახლეები
რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
23.07.2026.10:09
რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება - რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში და დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.
სამუშაოების საწყის ეტაპს დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად გაეცნო.
„დავიწყეთ რუსთაველის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე ჩაიკეტა გამზირის ყველა შემსვლელი და გამსვლელი ქუჩა. სარეაბილიტაციო ობიექტი დაყოფილია რამდენიმე ლოტად. იმის გათვალისწინებით, რომ ვადები მაქსიმალურად შემჭიდროვებულია და პროექტი ნოემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, საჭიროა, სამუშაოები ჩატარდეს სრულ გამზირზე ერთდროულად, 24 საათის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები შეიცვლება ძირეულად, მოეწყობა გამწვანების დამატებითი თარგები, გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება მიწისქვეშა თანამედროვე ურნები, ტრანსპორტის მოძრაობა კი გადაერთვება ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით. იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში იწარმოებს, მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის წინასწარ ვუხდით ბოდიშს, თუმცა მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ამ ვადაში დასრულება შეუძლებელია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს - მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები.
პროექტის სრული ღირებულება 50 მილიონამდე ლარს შეადგენს.