26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდი ქუთაისში მინი მოდელია იმისა, თუ რა დახვდება ქუთაისის მოსახლეობას უკვე ტექნოლოგიურ ჰაბში - ავთანდილ კასრაძე GITA -ს ტექნოლოგიურ პავილიონს ესტუმრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ქუთაისში, GITA - ს ტექნოლოგიურ პავილიონს ესტუმრა. ავთანდილ კასრაძის თქმით, წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში არ არის შემთხვევითი და მას ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
„მოგეხსენებათ, უახლოეს პერიოდში, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, გაიხსნება რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოდ დიდი ტექნოლოგიური ჰაბი. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ წელს, 26 მაისს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პავილიონი ქალაქ ქუთაისში ყოფილიყო წარმოდგენილი. GITA -ს სტენდი არის მინი მოდელი იმისა, თუ რა დახვდება ქუთაისის მოსახლეობას უკვე ტექნოლოგიურ ჰაბში - ტექნოლოგიურ-ლაბორატორიული დანადგარები, 3D პრინტერი, რობოტექნიკისა და ელექტრონიკის მიმართულებები, სხვადასხვა ტიპის ვორქშოფები ახალგაზრდებისთვის, იმისათვის, რომ გაეცნონ ტექნოლოგიურ სიახლეებს და კიდევ უფრო მეტად დაინტერესდნენ აღნიშნული სფეროთი. შემდეგ კი საკუთარი იდეები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში კონკრეტულ სტარტაპ და ინოვაციურ ბიზნესებად აქციონ.“ - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო წელსაც განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდითა და მრავალფეროვანი აქტივობებით ხვდება სტუმრებს. მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება 3D მოდელირების, Snap circuits და lego spike - ის, დრონების, VR სათვალეებისა და სკანირების ვორქშოფები. სტუმრები ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების პრაქტიკულ ტესტირებასაც შეძლებენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.