26 მაისს, GITA - ს ტექნოლოგიური პავილიონი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იყო წარმოდგენილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იყო წარმოდგენილი. სააგენტო განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდით დახვდა სტუმრებს. მრავალფეროვანი აქტივობები მოიცავდა 3D მოდელირების ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც 26 მაისის თემატიკაზე შეიქმნა 3D მოდელები და ადგილზე იყო ნაჩვენები ბეჭდვის პროცესი, ჩატარდა ასევე ვორქშოფი თემაზე 3D მოდელირება და ბეჭდვა. ვორქშოფის მონაწილეებმა 3D პრინტერზე დაბეჭდილი 26 მაისის თემატიკის სუვენირებიც მიიღეს საჩუქრად.
GITA - ს სივრცეში საბავშვო აქტივობებიც დაგხვდათ სტუმრებს. Snap circuits და lego spike ვორქშოფში მონაწილეები ჩაერთნენ რობოტების აწყობის პროცესში, დაათვალიერეს რობოტების გამოფენა (DJI რობოტი, MasterPI რობოტი) და თავად შეაფასეს მათი შესაძლებლობები.
GITA-ს პავილიონში წარმოდგენილი იყო ასევე ასაწყობი ფაზლი 26 მაისის თემატიკაზე, დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს დრონების ვორქშოფშიც, რომლის შემდგომაც, დრონების სიმულატორის მეშვეობით, შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად გაეტესტათ დრონის მართვა.
მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ VR სათვალეების ვორქშოფში, სადაც, პრაქტიკულ ნაწილთან ერთად, განხილული იყო VR ტექნოლოგიების გამოყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, ინჟინერია და ა.შ. 3D სკანირების ვორქშოფში კი დაინტერესებულმა პირებმა მოისმინეს პრეზენტაცია 3D სკანირების, როგორც ტექნოლოგიის ინოვაციურ გამოყენებაზე სხვადასხვა ინდუსტრიაში. მოხალისეებმა სადემონსტრაციოდ დასკანერების პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა.
პავილიონში ჩატარდა ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოფი და ასევე მოეწყო საინფორმაციო სივრცე/Touch screen (Android System), სადაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში საზეიმოდ გაიხსნება.
„მოგეხსენებათ, უახლოეს პერიოდში, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, გაიხსნება რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოდ დიდი ტექნოლოგიური ჰაბი. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ წელს, 26 მაისს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პავილიონი ქალაქ ქუთაისში ყოფილიყო წარმოდგენილი. GITA -ს სტენდი არის მინი მოდელი იმისა, თუ რა დახვდება ქუთაისის მოსახლეობას უკვე ტექნოლოგიურ ჰაბში“ - აღნიშნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.
სხვა სიახლეები
ბათუმი-სარფის პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს სატრანზიტო დერეფნის, ისე აჭარის განვითარებისთვის l რევაზ სოხაძე
09.09.2026.16:57
„დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. საუბარია ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობაზე. ეს არის პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების, ისე აჭარის რეგიონის შემდგომი განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად ათვისების თვალსაზრისით“, — ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის — ბათუმი-სარფის 11.3 კილომეტრიანი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა.
მინისტრის განცხადებით, პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია 7.6 კილომეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის გვირაბის შემდეგ საქართველოში სიგრძით მეორე იქნება.
„გამარჯვებულ კომპანიას ქვეშეთი-კობის გვირაბის გაჭრის გამოცდილებაც აქვს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან საუბარია რთულ და მასშტაბურ საინჟინრო პროექტზე. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც სამუშაოების ხარისხს, ისე განსაზღვრული ვადების დაცვას”, — აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ახალი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს გონიო-კვარიათის მიმართულებას, სადაც ადგილობრივ და ტურისტულ მოძრაობასთან ერთად ინტენსიური სატრანზიტო ნაკადიც გადაადგილდება.
„ახალი გზის მშენებლობის შედეგად გონიო-კვარიათის მიმართულება მნიშვნელოვნად განიტვირთება. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ეტაპობრივად მოვაწესრიგოთ აღნიშნული ტერიტორია და კიდევ უფრო განვავითაროთ მისი ტურისტული პოტენციალი. ჩვენი მიზანია, ეს მიმართულება იყოს კომფორტული და უსაფრთხო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე დამსვენებლებისა და ტურისტებისთვის”, — განაცხადა მინისტრმა.
ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის კონტრაქტით ოთხწლიანი ვადაა განსაზღვრული. რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან პროექტის მიმდინარეობაზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება. აქტიური სამშენებლო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება.
მინისტრის თქმით, ბათუმი-სარფის პროექტი ქვეყანაში მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ფართომასშტაბიანი განვითარების ნაწილია. ამავე პროცესის ფარგლებში სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს რუსთავი-წითელი ხიდის მიმართულებითაც.
„საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სივრცე, თუმცა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა საკმარისი არ არის. აუცილებელია თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გადაადგილებას გახდის უფრო სწრაფს, კომფორტულსა და უსაფრთხოს. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო და უსაფრთხო სატრანზიტო დერეფანი და ჩვენი ამოცანაა, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებით ქვეყნის ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ”, — აღნიშნა რევაზ სოხაძემ.