27-31 ოქტომბერს მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი(ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე მიმდინარეობს სადეფორმაციო ნაკერის გადაუდებელი დროებითი შეკეთების სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 2025 წლის 27 ოქტომბრის 12:00 საათიდან 29 ოქტომბრის 15:00 საათამდე პერიოდში, აღნიშნული სახიდე გადასასვლელის მარცხენა სამოძრაო ზოლზე (სარფი–ფოთის მიმართულება) შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ პერიოდში, სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის (გვირაბის შემოსასვლელი) გზის გამოყენებით.
მიმდინარე სამუშაოების მეორე ეტაპზე, 2025 წლის 29 ოქტომბრის 15:00 საათიდან 31 ოქტომბრის 18:00 საათამდე, შეიზღუდება მოძრაობა მარჯვენა სამოძრაო ზოლზე (ფოთი–სარფის მიმართულება). აღნიშნულ პერიოდში, ფოთი–სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე მდებარე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთი–ქობულეთის და გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის (გვირაბის შემოსასვლელი) გზების გამოყენებით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და გთხოვთ, გადაადგილებისას გაითვალისწინოთ აღნიშნული დროებითი შეზღუდვები და სათადარიგო მარშრუტები.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.