27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილება იგეგმება N293 მარშრუტზეც, რომელსაც ორი ერთეული ავტობუსი დაემატება.
„ჩვენ სატრანსპორტო მიმართულებით მუდმივად განახლებისა და დაკვირვების რეჟიმში ვართ. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ. ჩვენ ქალაქის მაჯისცემაზე ხელი გვიდევს. ვიცით, რა საჭიროებებია და ეტაპობრივად მივყვებით. დიდ დიღომში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტია N321, რომელიც დიდ დიღომს აკავშირებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“. სწორედ ამ ხაზზე 27 ივნისიდან 12-მეტრიანის ნაცვლად, ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, რაც ბევრად მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გარდა ამისა, N293 მარშრუტს ორი ერთეული ავტობუსი დაემატება, რომელიც დიდი დიღმის II მიკრორაიონისა და I მიკრორაიონის ნაწილის მოსახლეობას ემსახურება. ცვლილების შედეგად, აღნიშნულ მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მინდელის სახელობის ხიდზე არსებული საავტობუსო ზოლი დაგრძელდება და ე.წ. ბასლეინი თენგიზ შეშელიძის ქუჩის მონაკვეთზეც მოეწყობა.
„თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ასევე განაგრძობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაციას. დიდი დიღომში ამ მხრივ არსებული გამოწვევების გადასაჭრელად განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
10.06.2026.15:42
მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის" შეფასებისას.
როგორც მან აღნიშნა, პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას.
„ორივე მიმართულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე. აღნიშნული შეთანხმება უფრო ფართო დაფინანსების პაკეტის ნაწილია, რომელიც საქართველოსთვის, ჯამში, 750 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. პაკეტის ფარგლებში დამატებით შეთანხმებებს ხელი მომდევნო თვეებში მოეწერება. შეთანხმებაში მსოფლიო ბანკთან ერთად მონაწილეობენ აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). ამ მიმართულებით დამატებით ვგეგმავთ საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის, დაახლოებით, 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შეთანხმების გაფორმებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს პერიოდში გაფორმდება 1.2-1.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის შეთანხმებები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში როგორც საგზაო, ისე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.