29 აპრილს ვეტერინარები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და USDA-SQIL „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" პროექტის მხარდაჭერით, ვეტერინარიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია გაიმართა. მონაწილეებმა დარგში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, შემოსავლების სამსახურის, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ვეტერინარი სტუდენტები ესწრებოდნენ.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახა კაკაბაძემ მიმართა.
„ვეტერინარებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. ვეტერინარის პროფესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მათ, ყოველდღიური საქმიანობით, უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ყოველწლიურად მასშტაბურ სამუშაოს ატარებენ იმისათვის, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი იყოს უვნებელი და კონკურენტუნარიანი", - აღნიშნა კახა კაკაბაძემ.
კონფერენციას დაესწრო პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რომელმაც ყურადღება მოსალოდნელი რეფორმების პროცესში კვალიფიციური ვეტერინარების როლზე გაამახვილა.
„სწორედ ახლა მუშაობს საქართველოს პარლამენტი შინაურ-ბინადარ ცხოველთა კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სამომავლოდ თითოეულ რეგიონში, თითოეულ მუნიციპალიტეტში, შეიქმნას თავშესაფრები და თითოეულ მათგანს ჰყავდეს კვალიფიციური ვეტერინარი. შესაბამისად, დამსახურება იმ ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში ამ დარგს ავითარებენ, მუშაობენ, არის ძალიან დიდი და, ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ ეს პროფესია კიდევ უფრო დაფასდება სწორედ იმ რეფორმების პარალელურად, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს", - აღნიშნა მაია ბითაძემ.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი დარგის განვითარებასა და პროფესიის პოპულარიზაციას", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.
„ვეტერინარების საქმიანობა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში უმნიშვნელოვანესია ცხოველური წარმოშობის უვნებელი სურსათის წარმოების კუთხით. USDA-SQIL პროექტი წარმატებით თანამშრომლობს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ვეტერინარების როლს ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში", - აღნიშნა USDA-SQIL პროექტის დირექტორმა, ალექს სამელმა.
ქართველ ვეტერინარებს ონლაინ ფორმატში პროფესიული დღე მიულოცა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა წარმომადგენელმა ბუდიმირ პლავჩიჩმა.
სამუშაო ფორმატში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ვეტერინარიის როლი ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფასა და აგრარული სექტორის განვითარებაში"; „სხვდასხვა სფეროში არსებული ვეტერინარული აქტივობები". გაიმართა ვეტერინარების დაჯილდოება სხვდასხვა ნომინაციაში.
ვეტერინარიის მსოფლიო დღე, მსოფლიო ვეტერინარული ასოციაციისა და ცხოველთა ჯანდაცვის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება და მისი მიზანია პროფესიის პოპულარიზაცია. წლევანდელი გზავნილია: „მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიურობის წახალისება ვეტერინარის პროფესიაში".
USDA-SQIL პროექტს ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.