36 თვის ვადაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისარგებლოთ ახალი ტრამვაის ხაზით | თბილისის ვიცე-მერი
36 თვის ვადაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისარგებლოთ ახალი ტრამვაის ხაზით, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და აქტუალურია დღეს ჩვენს მოსახლეობაში. დამეთანხმებით, და ის, რომ ტრამვაი ბრუნდება დედაქალაქში, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე.
ტრამვაის ხაზი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომლის სატენდერო ყველა პროცედურა არის გავლილი, ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია - საკმაოდ გამოცდილი და წარმატებული. იცით, რომ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. გაფორმდა რამდენიმე კვირის წინ და, შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაიწყო ათვლა იმ პერიოდის, რა პერიოდშიც უკვე კონკრეტულად უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.
გეტყვით, რომ სამი თვე არის და სამ თვეში იქნება მომზადებული, კონცეპტუალური პროექტირება დასრულებული. შემდგომ არის ექვსი თვე იმისთვის, რომ იქნეს დეტალური პროექტირება განხორციელებული და შემდგომ, უკვე 9 თვის თავზე, ჩვენ შეგვეძლება დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები.
საერთო ჯამში, ეს არის 36 თვე და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვექნება, რომ დედაქალაქში ვისარგებლოთ ახალი ტრამვაის ხაზით.
რაც შეეხება კონკრეტულად ხაზს, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის დიდი დიღმიდან დიდუბის მეტრომდე. დამეთანხმებით, რომ ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვნად გადატვირთული სატრანსპორტო კვანძი. მისი ნაკადების მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
დიდი დიღომი არის ერთ-ერთი, ყველაზე უფრო, შეიძლება ითქვას, საძილე უბანი, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღე უკავშირდება სხვადასხვა თბილისის რაიონებს და ბრუნდება უკან. ეს ნაკადები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ტრამვაის ხაზი და ამ ხაზის დაპრიორიტეტება ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი ანალიზის და ნაკადების მართვის მხრივ გადაწყვეტილება მიღებული.
და, როგორც მოგეხსენებათ, დიდუბის მეტრო და ეს ტერიტორია არის ერთ-ერთი, გარკვეულწილად, ჰაბი სატრანსპორტო ჩვენს ქალაქში. და აი, ზუსტად ეს ხაზი არის 7.5 კილომეტრი, რომელიც მნიშვნელოვნად, ვფიქრობთ, რომ განტვირთავს.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ბოლო პროექტი ტრამვაის ჩვენს დედაქალაქში და მომავალში აუცილებლად ამ მიმართულებით განვავითარებთ.
და, ზოგადად, მინდა, რომ რამდენიმე სიტყვით ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკასაც შევეხო. მეტრო ერთ-ერთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევიძინეთ და უკვე მიმდინარეობს, ხელშეკრულება გაფორმებულია და სულ რამდენიმე დღეში თბილისის მერი უკვე ჩინეთში გაემგზავრება, სადაც იქნება პირველი მატარებლის ხუთი ვაგონის პრეზენტაცია, რომელიც უკვე არის დამზადებული და რომელიც უკვე უახლოეს მომავალში გამოიგზავნება ჩვენს დედაქალაქში.
საერთო ჯამში, 111 მეტროს ახალი ვაგონზე არის საუბარი, 25 მატარებელზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქედან, რომ თქვენ იცით, რომ ჩვენი არსებული ვაგონები დღეს, გარკვეულწილად, რაღაც პერიოდის შემდგომ უკვე ექსპლუატაციის ვადებთან ბოლოსკენ არის და განახლების საჭიროებაა.
მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენ ჩავატარეთ, და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეტროს სერვისს და გამტარუნარიანობას.
გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვხედავთ იმ დინამიკას და ჩვენ ამისთვისაც ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იმისათვის, რომ ნაკლები მანქანა იყოს და ნაკლები საცობები გვქონდეს ჩვენს დედაქალაქში.
აქვე ავტობუსებზე ვიტყვი - მუდმივი ჩანაცვლება. იცით, რომ 1000-ზე მეტი ახალი ავტობუსი ჩვენ უკვე გვყავს და უახლოეს მომავალში ჩვენ ასევე დავაანონსებთ დამატებით 200 ავტობუსს.
და ინფრასტრუქტურა, რომელიც აბსოლუტურად ახლებურად მიმდინარეობს მისი დაგეგმარება, რომელიც თანაბრად არის გადანაწილებული, როგორც ფეხით მოსიარულეზე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე კერძო ავტომობილებზე.
თქვენ გახსოვთ, რომ ეს პრიორიტეტები აბსოლუტურად სხვანაირად იყო ჩვენს ქალაქში“, - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.
სხვა სიახლეები
საუნივერსიტეტო კონკურსში UNI4VERSE-FINEDU 2026 საქართველოს 32 უნივერსიტეტი ერთვება
25.09.2026.10:22
საუნივერსიტეტო კონკურსის UNI4VERSE-FINEDU 2026-ის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კონკურსი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგიდით და საქართველოს ეროვნული ბანკის პარტნიორობით იმართება. წლევანდელ კონკურსში ქვეყნის მასშტაბით 32 უნივერსიტეტი ჩაერთვება.
შეხვედრაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიგი კეჟერაშვილმა კონკურსის მონაწილეებს UNI4VERSE-ის განახლებული ფორმატი, კონკურსის ეტაპები და სტუდენტების ჩართულობის პირობები გააცნო. გიგი კეჟერაშვილის თქმით, UNI4VERSE არის პლატფორმა, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, იმუშაონ რეალურ და გლობალურ გამოწვევებზე და შექმნან ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები.
“ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ ცოდნა, რესურსები და შესაძლებლობა, რომ იდეები რეალურ პროდუქტებად და წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნან და საბოლოოდ საერთაშორისო ასპარეზზეც წარადგინონ.” - განაცხადა გიგი კეჟერაშვილმა.
UNI4VERSE 2026-ის მთავარი თემა ფინანსური განათლებაა. სტუდენტური გუნდები იმუშავებენ თანამედროვე ფინანსურ გამოწვევებზე, მათ შორის, ფინანსური სერვისების ინტეგრაციაზე; გრძელვადიან ფინანსურ დაგეგმვაზე; კიბერუსაფრთხოებაზე; ყოველდღიური ფინანსებისა და მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადების მართვაზე.
UNI4VERSE-FINEDU-ის ფინალური ეტაპი 2 ნოემბერს თბილისის ტექნოპარკში გაიმართება. ფინალში გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე - Web Summit-ზე გაემგზავრება. კონკურსის ფარგლებში ასევე გამოყოფილია 20 000 ლარის ოდენობის გრანტი.
UNI4VERSE ყოველწლიური საუნივერსიტეტო კონკურსის სახით ჩატარდება.
სტუდენტებისთვის კონკურსში რეგისტრაცია უკვე გახსნილია. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 ოქტომბერი. სარეგისტრაციო ფორმა: https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo
პროექტს ახორციელებს „ინოვაციური განათლების ფონდი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.