4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს.
ბიულეტენები თბილისის 4 სტამბაში იბეჭდება. პროცესს პერმანენტულად აკვირდებიან ცესკოს წევრები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტამბა „ფავორიტი სტილში“ ბიულეტენის ბეჭდვის პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეცნო.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესი, იქიდან გამომდინარე რომ იქმნება მთავარი საარჩევნო დოკუმენტი - ბიულეტენი. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია რომ როგორც ჩართულმა მხარეებმა, ისე საარჩევნო ადმინისტრაციამ ზედმიწევნით გაუწიოს კონტროლი და მონიტორინგი ბეჭდვის პროცესს, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და საზოგადოების მიმართ მაღალ ანგარიშვალდებულებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ხარისხის კონტროლი რომ უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტების დამზადება როგორც მოდერნიზებული, ისე ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში. ჩვენ, დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პროცესს მონიტორინგს გავუწევთ, რომ ვენდორ კომპანიასთან და პოლიგრაფიულ ცენტრებთან თანამშრომლობით უზრუნველვყოთ სათანადო ხარისხის დოკუმენტაციის შექმნა და ამასთანავე გამჭვირვალე და ღია საარჩევნო პროცესი“-აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
საერთო ჯამში იბეჭდება 3 897 500 ბიულეტენი, აქედან 2 813 150 ბიულეტენი ტექნოლოგიური უბნებისთვის, ხოლო ტრადიციული უბნებისთვის 1 084 350 (სამი სახის).
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის ბიულეტენები იბეჭდება ქართულ-სომხურ (103 200) და ქართულ-აზერბაიჯანულ (295 100) ენებზე.
ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. ბეჭდვის პროცესის დასრულების შემდეგ ბიულეტენები კანონით განსაზღვრულ ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიებს, მოგვიანებით კი საუბნო საარჩევნო კომისიებს გადაეცემათ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.