5 დღე ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტამდე — რა უნდა გავითვალისწინოთ კონცერტზე დასასწრებად
2025 წლის მთავარ მუსიკალურ მოვლენამდე — ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტამდე — სულ რაღაც 5 დღე დარჩა. შესაბამისად, მოსამზადებელი პერიოდი „დინამო არენაზე“ აქტიურ ფაზაში შედის. „Starring Georgia-მ“ სცენის მშენებლობა უკვე დაასრულა და ეკრანების მონტაჟიც დაიწყო. როგორც „Starring Georgia-ს“ პროექტების მენეჯერი ციცი იაშვილი აღნიშნავს, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები 5 დღით ადრე სხვა კონცერტების დროს არ ჩატარებულა.
კონცერტს უპრეცედენტო რაოდენობის მსმენელი დაესწრება, ამიტომ უსაფრთხოების წესების დაცვა და გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აუცილებელია, მსმენელი ყურადღებით გაეცნოს ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც საორგანიზაციო ჯგუფი სოციალური ქსელის მეშვეობით აწვდის. გარდა ამისა, ციცი იაშვილი ღონისძიების სტუმრებს ურჩევს, „დინამო არენაზე“ არა უშუალოდ არტისტის სცენაზე გამოსვლის მომენტში, არამედ გარკვეული პერიოდით ადრე მივიდნენ, რათა თავიდან აიცილონ რიგები და მთელი საღამოთი ისიამოვნონ.
„თუ ბრუნო მარსის კონცერტს 52 ათასი ადამიანი დაესწრო, ახლა მსმენელის რაოდენობა უფრო მეტი იქნება. ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დაცვაც უფრო მკაცრად მოგვიწევს. მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ჩვენი რჩევები გაითვალისწინონ და ერთად შევქმნათ ნამდვილი სახალხო ზეიმი.
გასათვალისწინებელია, რომ ტერიტორიაზე არ იქნება შემნახველი საკნები, რადგან ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. ამიტომაც, მაყურებლებმა მხოლოდ საჭირო ნივთები უნდა წამოიღონ, რათა კარში უხერხული სიტუაცია არ შეიქმნას. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ „ორბიტის“ ბილეთის მფლობელებმა, რადგან მათ ყველა იმ პატარა ნივთის დატოვებაც მოუწევთ, რომელმაც შესაძლოა, სროლის შემთხვევაში, სცენამდე მიაღწიოს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ თან იქონიონ ქუდი და მზისგან დამცავი კრემი, რადგან მზიანი ამინდი იქნება; ასეთ დროს ჩვენი საუკეთესო მეგობარი წყალია, ამიტომ მისი დალევა ენერგიისთვის აუცილებელია; არ წამოიყვანონ შინაური ცხოველი, რადგან ასეთი ხმაური მათთვის არ შეიძლება; ვინც ჯგუფად მოდის, რომელიმე წევრის დაკარგვის შემთხვევისთვის, წინასწარ შეთანხმდნენ შეხვედრის პუნქტზე და მოძებნონ შესაბამისი ნიშნები; თუ დახმარება დასჭირდებათ, აუცილებლად მიმართონ საინფორმაციო ცენტრს ან მოხალისეებს; ნარჩენები ჩავყაროთ შესაბამის ურნებში, დავიცვათ გარემო და ვიზრუნოთ სისუფთავეზე — ერთად გვხადოთ ღონისძიება ეკომეგობრული.
კარი 17:00-დან გაიღება, თუმცა უშუალოდ კონცერტი ამ დროს არ დაიწყება. დღის განრიგს აუდიტორიას მალე დეტალურად ვაცნობებთ, თუმცა გაითვალისწინოთ, რომ მოსვლას, ძირითადად, ყველა მაშინ ცდილობს, როცა არტისტი სცენაზე დგება, ეს კი, გრძელ რიგებს იწვევს. ამიტომაც, მსმენელს ვთხოვ, მოვიდეს ადრე, რათა რიგებიც თავიდან აიცილოს და ჩაერთოს იმ საინტერესო აქტივობებში, რომლებსაც პარტნიორი ორგანიზაციები ადგილზე შესთავაზებენ. ვინც ადრე მოვა, ის არ მოიწყენს და მეტ ბენეფიტს მიიღებს,“ — ამბობს ციცი იაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ბილეთები 6 საათში სრულად გაიყიდა. მყიდველებს შორის 18 000-მეტი უცხოეთის მოქალაქეა, რაც იმას ნიშნავს, რომ „Starring Georgia-მ“ მორიგი რეკორდი დააფიქსირა — მათ ღონისძიებაზე დასასწრებად, საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტი ჩამოდის. როგორც ციცი იაშვილი აღნიშნავს, „Starring Georgia“ უკვე სხვა ციფრებითაც ამაყობს, რომლებიც მათი თანამშრომლების რაოდენობას ეხება.
„მოცემულ მომენტში სეზონზე, დაახლოებით, 7 ობიექტს ვმართავთ, რაზეც, დაახლოებით, 500 ადამიანია დასაქმებული; ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ორგანიზებაში კი, 1500 ადამიანი ჩაერთო, რაც ღონისძიების მასშტაბზე მეტყველებს,“ — ამბობს ციცი იაშვილი.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.