5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქციით აღინიშნა.
ღონისძიება მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობრის“ ფარგლებში გაიმართა. პლატფორმა ტყეების დაცვისა და აღდგენის პროცესებში კერძო სექტორისა და მოხალისეების ჩართულობას ითვალისწინებს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა მიიღეს. ჯვრის მონასტრის ფერდობზე სომბოლურად წიწვოვანი სახეობის 5 ცალი ნერგი დაირგო.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 31 ჰა ფართობისთვის ტყის გაშენების პროექტი მომზადდა. ახალი ტყე შეიქმნება საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობით. ჯვრის მონასტრის ფერდობზე ტერიტორია 140 ნაკვეთადაა დაყოფილი. ტერიტორიაზე, ეტაპობრივად, სეზონების მიხედვით, 25 300 სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი დაირგვება. ნარგავების მოვლა-პატრონობაზეც მოხალისეები სატყეო სააგენტოს ზედამხედველობით იზრუნებენ. ჯვრის მონასტრის ფერდობზე გაშენებული ტყე იქნება პირველი პრეცენდენტი მასშტაბებისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
პროექტი „ტყის მეგობარი“ ტყეზე ზრუნვის, მოხალისეობრივი აქტიურობის და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გადანაწილების სანიმუშო მაგალითია.
ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს ტყის აღდგენას და მოვლას დაქვემდებარებული ფართობების შერჩევას, ტყის აღდგენის პროექტების მომზადებასა და სამუშაოების ზედამხედველობას. პროექტის ძირითად მიზანია, გააერთიანოს საზოგადოება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გარშემო. მნიშვნელოვანია, პლატფორმამ შემოიკრიბოს არა მხოლოდ მოხალისეთა ჯგუფები, არამედ კერძო სექტორი, მათ შორის, მსხვილი კომპანიები.
პლატფორმა როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომპანიებს საშუალებას აძლევს, დარეგისტრირდნენ მოხალისედ და ფიზიკურად ჩაერთონ ტყის მოვლის, აღდგენის და ტყეზე ზრუნვის სხვადასხვა აქტივობაში; განახორციელონ სასურველი თანხით დონაცია, რომელიც მიმართული იქნება ტყის აღდგენის პროექტების დასაფინანსებლად; შეარჩიონ კონკრეტული ტყის აღდგენის პროექტი და დააფინანსონ სრულად ან ნაწილობრივ. (ვრცლად იხილეთ: https://forestfriend.ge/about)
მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და UNDP-ის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) ხელშეწყობით შეიქმნა.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება და ეძღვნება წლის განმავლობაში არსებულ ერთ-ერთ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხს. 2025 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია - დაამარცხე პლასტმასით დაბინძურება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ, გარემოსდაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, არაერთი ღონისძიება ჩატარდა. ლაგოდეხში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ - დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. გარემოს ეროვნული სააგენტომ გარემოსდაცვის მსოფლიო დღე ბათუმში, წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის სადემონსტრაციო ჩვენებით და სანაპიროს დასუფთავების აქციით აღნიშნა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში სკოლის მოსწავლეებისთვის ინფოტური და მათი ნამუშევრების გამოფენა გამართა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.