6 თვეში jobs.ge-ზე 41 889 ვაკანსია გამოქვეყნდა
2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 41,889 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022- 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული, 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 29.1%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით. 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 3.3% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 9,867 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 7,628 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 10,988 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.