6000 კილომეტრზე მეტი გზიდან ახალი სახელმწიფო შპს მხოლოდ 105-კილომეტრიანი მონაკვეთის მოვლა-შენახვას უზრუნველყოფს - რევაზ სოხაძე
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი’’ ისაუბრა სამინისტროს ახალ ინიციატივაზე, რომელიც საფუძველს ქმნის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მართვისა და მოვლა-შენახვის ახალი სისტემის დანერგვისთვის და ამ მიზნით სახელმწიფო კომპანიის შექმნას ითვალისწინებს.
მისი განცხადებით, ქვეყანის განვითარებისთვის აუცილებელია რეფორმების განხორციელება ყველა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის სექტორში, სადაც მთავრობა ბოლო პერიოდში აქტიურ და სისტემურ ნაბიჯებს დგამს.
„ჩვენი მთავარი მიზანია ინფრასტრუქტურის სექტორის გაჯანსაღება, რაც გულისხმობს სისტემის სრულყოფას ყველა კომპონენტში. საბოლოო ამოცანაა, რომ ქვეყანაში აშენდეს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა. ხარისხი არის მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მეტი გზის მშენებლობა და სამუშაოების სწრაფად განხორციელება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, იყოს მაღალი ხარისხის და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული“ - განაცხადა სოხაძემ.
მისივე თქმით,ინფრასტრუქტურის სფეროში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი გზების მოვლა-შენახვის სისტემის გაუმჯობესებას უკავშირდება. დღეს საქართველოს ტერიტორია დაყოფილია დაახლოებით 25 ზონად, სადაც გზების მოვლა-შენახვის პასუხისმგებლობა კერძო კომპანიებს აკისრიათ. აღნიშნული საქმიანობა მოიცავს როგორც გზების ყოველდღიურ მოვლას, ისე დასუფთავების, ზამთრის სეზონზე თოვლის გაწმენდისა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ბოლო დღეებში გავრცელებულ კრიტიკაზე და აღნიშნა, რომ საზოგადოების ნაწილის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ხშირად საკითხის სრულყოფილი შესწავლის გარეშე ხდება.
„მოვუწოდებ ყველას, სანამ საჯარო შეფასებებს გააკეთებენ, საფუძვლიანად გაეცნონ რეფორმის შინაარსს. გავრცელდა მოსაზრებები, თითქოს სახელმწიფო კერძო სექტორის ჩანაცვლებას გეგმავს, რაც რეალობას არ შეესაბამება. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის პრევენციული მართვის პრინციპი - პრობლემები უნდა მოგვარდეს მანამდე, სანამ ისინი სერიოზულ გამოწვევად გადაიქცევა. მაგალითად, გზაზე წარმოქმნილი მცირე ბზარი დროულად უნდა შეკეთდეს, რათა მოგვიანებით გაცილებით ძვირი და მასშტაბური სამუშაოების ჩატარება არ გახდეს საჭირო“ -აღნიშნა მან.
მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მიზანია არა მხოლოდ თანამედროვე და ხარისხიანი გზების მშენებლობა, არამედ მათი ეფექტიანი მოვლა-შენახვაც, რადგან ინფრასტრუქტურის მდგრადობა სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული.
ამ მიზნით შეიქმნება ახალი სახელმწიფო შპს, რომლის საქმიანობა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მართვასა და მონიტორინგზე იქნება ორიენტირებული. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე სამინისტრომ შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა და წარმატებული ქვეყნების გამოცდილება.
„გერმანიაში, ესპანეთში, ხორვატიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთ საუკეთესო დონეზეა განვითარებული, სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული გზების მოვლა-შენახვის პროცესში. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების მართვის მიმართულებით“ -განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ახალი სახელმწიფო კომპანია არ იქნება სამშენებლო ან გზების დამგები ორგანიზაცია. მისი ფუნქცია იქნება ოპერატიული მართვა, მონიტორინგი და გადაწყვეტილებების მიღება იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებულ საინჟინრო სირთულეს წარმოადგენს.
სწორედ ამიტომ, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ყველაზე რთული მონაკვეთის გორი-არგვეთის 105 კმ-იანი მონაკვეთის მოვლა-შენახვის ფუნქცია სრულად ან ნაწილობრივ განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით. საუბარია 138 ხიდსა და 59 გვირაბზე, ასევე გამაგრებულ ფერდობებზე, რომლებიც ყოველდღიურ დაკვირვებასა და მუდმივ ზედამხედველობას საჭიროებს.
„ეს არის მაღალი პასუხისმგებლობის სფერო, სადაც მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ სერიოზული რისკები და გამოწვევები. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს აღნიშნული ფუნქცია და შექმნას შესაბამისი კომპანია“ -აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საუბარი არ არის კერძო სექტორის ჩანაცვლებაზე. მისი თქმით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებული 6000 კილომეტრზე მეტი გზიდან ახალი სახელმწიფო შპს მხოლოდ 105-კილომეტრიანი მონაკვეთის მოვლა-შენახვას უზრუნველყოფს.
„ამ პირობებში კერძო ბიზნესის ჩანაცვლებაზე საუბარი სრულიად არარელევანტურია. პირიქით, რეფორმა კომპლექსურად არის გააზრებული და კერძო კომპანიების მონაწილეობა სისტემაში შენარჩუნდება. ამასთან, შეიცვლება ანაზღაურების მოდელიც - შესრულებული სამუშაოების შეფასება კონკრეტულ შედეგებსა და ინდიკატორებზე იქნება დაფუძნებული“ -განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, სახელმწიფოსთვის მიუღებელია პრაქტიკა, როდესაც გზების მოწესრიგება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების გადაადგილებამდე იწყება.
„ჩემთვის, ისევე როგორც მთლიანად მთავრობისთვის, მიუღებელია მდგომარეობა, როდესაც გზების მოწესრიგება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც რომელიმე სახელმწიფო წარმომადგენლის გადაადგილების შესახებ ხდება ცნობილი. ჩვენი მიზანი არ არის, გაკეთებული საქმე მხოლოდ ჩვენ ვნახოთ. მთავარი არის, რომ მოსახლეობა ყოველდღიურად ხედავდეს მოვლილ, უსაფრთხო და მოწესრიგებულ გზებს“ -განაცხადა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგა
12.06.2026.14:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა (PBoC) და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ შანხაიში ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმში „გლობალურ ფინანსურ გაურკვევლობაში ორიენტირება: მიმდინარე პროცესები ფინანსურ ბაზრებზე, საინვესტიციო სტრატეგიები და საერთაშორისო სავალუტო სისტემა“ მთავარი მომხსენებლის სტატუსით გამოვიდა.
სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 30-მდე ცენტრალური ბანკისა და მონეტარული ორგანოს პრეზიდენტები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის - საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, სინგაპურის, ჰონგ კონგის, ბრაზილიის, არგენტინის, ინდონეზიის, საუდის არაბეთისა და კატარის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.
მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება ემსახურება მაღალი დონის პლატფორმის შექმნას, სადაც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ გლობალურ მაკროეკონომიკურ და ფინანსურ პროცესებზე, რეზერვების მართვის თანამედროვე სტრატეგიებზე, საერთაშორისო მონეტარული სისტემის განვითარების პერსპექტივებსა და ფინანსური ბაზრების მიმდინარე და გრძელვადიან ტენდენციებზე.
სიმპოზიუმის პირველ სესიაზე - „გლობალური მაკროეკონომიკური და ფინანსური ბაზრების განვითარება“, ნათია თურნავამ მიმოიხილა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები, საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა და ცენტრალური ბანკების რეზერვების მართვის თანამედროვე გამოწვევები.
სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გლობალური საინვესტიციო გარემო გეოპოლიტიკური დაძაბულობის, სავაჭრო ფრაგმენტაციისა და მაკროეკონომიკური გაურკვევლობის ზრდის ფონზე კიდევ უფრო კომპლექსური ხდება.
„გრძელვადიანმა სავაჭრო დაძაბულობამ, სამხედრო კონფლიქტებმა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, ასევე მიწოდების ჯაჭვების გლობალურმა შეფერხებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბაზრების ცვალებადობა და საინვესტიციო რისკები. დღეს გეოპოლიტიკური მოვლენები უკვე მხოლოდ გარე რისკები აღარ არის - ის ეკონომიკურ ცვლადებად იქცა, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ინფლაციაზე, კაპიტალის ნაკადებზე, სავალუტო კურსებსა და საინვესტიციო სტრატეგიებზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება სავალუტო რეზერვების მართვის საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ მზარდი გეოპოლიტიკური რისკების პირობებში უსაფრთხოება რეზერვების მართვის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა. მისი შეფასებით, ოქროს მიმზიდველობა გაიზარდა, რადგან რეზერვების მმართველები ეძებენ ისეთ აქტივებს, რომლებიც ნაკლებადაა დამოკიდებული სუვერენულ და გეოპოლიტიკურ რისკებზე.
მისივე თქმით, მსოფლიოში სარეზერვო პორტფელების დივერსიფიკაციის ტენდენცია თვალსაჩინოა, ასევე შეიმჩნევა აზიური კაპიტალის ბაზრების მზარდი მიმზიდველობა.
„ცენტრალური ბანკებისთვის რეზერვების მართვის სამი ძირითადი პრინციპი არსებობს - უსაფრთხოება, ლიკვიდობა და მომგებიანობა. ბოლო წლებში უსაფრთხოების მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა. სწორედ ამიტომ, მრავალი ცენტრალური ბანკი ცდილობს გააძლიეროს პორტფელების მდგრადობა და გაზარდოს დივერსიფიკაცია როგორც ვალუტების, ისე აქტივების კლასების მიხედვით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოქროში განხორციელებულმა ინვესტიციებმა მნიშვნელოვნად დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს საერთაშორისო რეზერვების შემოსავლიანობაზე. მისივე განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების განთავსებისთვის ბაზრების გეოგრაფიულ და სავალუტო დივერსიფიკაციას ახორციელებს და ამ კონტექსტში, ტრადიციული ბაზრების პარალელურად, აზიური ბაზრები და ვალუტები მზარდ ინტერესს წარმოადგენს.
ნათია თურნავას განმარტებით, ასეთ გარემოში რისკების დისციპლინირებული მართვა, თანმიმდევრულობა და მოქნილობა, შესაძლოა, გრძელვადიანი საინვესტიციო წარმატების ყველაზე მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის აღმოჩნდეს.