835 000 პენსიონერი გაზრდილ პენსიას მიიღებს - თამარ ბარკალაია
„პრემიერის წლიურ ანგარიშში ნათლად გამოჩნდა თუ რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა“, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ ბარკალაიამ, აქცენტი პენსიებსა და სოციალური გასაცემლების ზრდაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება.
„2023 პენსიები გაიზარდა და 2024 წელსაც გაიზრდება. პენსიების 20 ლარიანი ზრდა შეეხება 70 წლამდე პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებული პირებისთვის კი პენსია 50 ლარით გაიზრდება. ამ ყველაფერს ემატება 20%-იანი დანამატი, იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რაიონებში ცხოვრობენ. ამისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 930 მილიონია გამოყოფილი და 835 000 პენსიონერი, 2024 წლიდან, გაზრდილ პენსიას მიიღებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ ბარკალაიას თქმით, ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ოჯახების გაძლიერება სახელმწიფოს პრიორიტეტია, რისთვისაც 2022 და 2023 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვის სოციალური გასაცემელი.
„ბავშვის ბენეფიტი 2015 წლამდე საერთოდ არ არსებობდა, შარშან 150 ლარამდე გაიზარდა და წელს ივლისიდან 200 ლარია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც განხორციელდა - გაიზარდა იმ ბავშვების მოცვაც, ვინც აღნიშნულ დანამატით სარგებლობს. ნაცვლად 100 000 ქულისა, 120 000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები იღებენ აღნიშნულ ბენეფიტს. ამან გაზარდა მიმღებთა რაოდენობა, რაც სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკაა, იმისათვის, რომ უფრო მეტ ოჯახს დავეხმაროთ“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.