9 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 8 ივლისის 22:00 საათიდან 9 ივლისის 15:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება ჰუალინგის პარკის მიმდებარედ, მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე, თბილისის ახალი ზოოპარკის უახლოეს გზაჯვარედინამდე.
ავტომობილები, რომლებიც აღნიშნული საგზაო მონაკვეთით უკავშირდებოდნენ ახალი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიას, შემოვლას შეძლებენ ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გავლით, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები იმავე მარშრუტის გამოყენებით მოხვდებიან მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე.
სხვა სიახლეები
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
22.07.2026.21:30
გაერთიანებული სამეფო - ესექსის უნივერსიტეტმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტსა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ნათია ლოლაძეს, საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 2026 წლის გამოსაშვებ ცერემონიებზე ეს მაღალი აკადემიური ჯილდო შვიდ გამორჩეულ პირს გადაეცა. საპატიო დოქტორის წოდება ენიჭებათ ადამიანებს, რომლებმაც გამორჩეული წვლილი შეიტანეს როგორც საკუთარ პროფესიულ სფეროში, ისე გლობალური საზოგადოების განვითარებაში.
ნათია ლოლაძისთვის ეს ჯილდო მისი ჰუმანიტარული საქმიანობის, ადამიანური ღისრსების, სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი ერთგულების აღიარებაა.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია ლოლაძემ ხაზი გაუსვა, რომ ესექსის უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი პროფესიული იდენტობის ფორმირებასა და პიროვნული განვითარების პროცესში.
„ეს ჯილდო არა მხოლოდ ჩემი, არამედ იმ ათასობით მოხალისისა და პროფესიონალის დამსახურებაა, ვინც ყოველდღიურად იბრძვის ადამიანური ღირსების დასაცავად“, – განაცხადა ნათია ლოლაძემ.
სიტყვით გამოსვლისას მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ახალგაზრდა ლიდერების, განსაკუთრებით კი ქალების გაძლიერების მნიშვნელობაზე. ნათიამ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტმა მას მისცა ცოდნა, თავდაჯერება და მოტივაცია, ემოქმედა ყველაზე რთულ ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში.
ნათია ლოლაძე საერთაშორისო ასპარეზზე ჰუმანიტარული პრინციპების, ინკლუზიური გადაწყვეტილებებისა და ქალთა გაძლიერების აქტიური მხარდამჭერია. IFRC-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ის მონაწილეობას იღებს მსოფლიო მნიშვნელობის კრიზისების მართვაში, რაც მის, როგორც ლიდერის, საერთაშორისო გავლენას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.