9 თვის მონაცემების მიხედვით შევხედავთ საწვავის ბაზრის ვითარებას, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ფასები იზრდება გარე ბაზრებზე არასტაბილურობის გამო - არამარტო ფასების ზრდის, არამედ ლოჯისტიკურ ჯაჭვებში სრული გაურკვევლობის გამო | ირაკლი ლექვინაძე
9 თვის მონაცემების მიხედვით შევხედავთ საწვავის ბაზრის ვითარებას, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ფასები იზრდება გარე ბაზრებზე არასტაბილურობის გამო - არამარტო ფასების ზრდის, არამედ ლოჯისტიკურ ჯაჭვებში სრული გაურკვევლობის გამო, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
„ჩვენ რამდენიმე მონიტორინგს დავხურავთ წლის ბოლომდე. ახლა 9 თვის მონაცემების მიხედვით შევხედავთ საწვავის ბაზრის ვითარებას, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ფასები იზრდება გარე ბაზრებზე არასტაბილურობის გამო - არამარტო ფასების ზრდის, არამედ ლოჯისტიკურ ჯაჭვებში სრული გაურკვევლობის გამო. იმიტომ, რომ იმდენად, გაურკვევლად იცვლება ფასები, რომ ძნელია რაიმეს პროგნოზირება. თუმცა ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაკვირდებით და 9 თვის სურათსაც წარმოვადგენთ.
რასაც დავასრულებთ, ალბათ, უახლოეს პერიოდში იქნება სამედიცინო სერვისების ბაზარი. რამდენიმე ციფრს გავუსვამ ხაზს: 2025 წლის მდგომარეობით, ჯამში სამი წელი გვაქვს შესწავლილი, 13 000 სამედიცინო მომსახურების მიმართულებაა შესწავლილი ჩვენს მიერ. იდენტიფიცირებული გვაქვს, სად მოხდა ფასების ზრდა, რა ნაწილში და ასევე, სად არის მაღალი ფასნამატი.
დაახლოებით 300-მდე, 300-350 სერვისი გამოვკვეთეთ, სადაც შეიძლება ფასნამატი იყოს 100% და მეტი. შემდგომი ეტაპი იქნება, რომ შევხედოთ, რითი არის ეს საკითხი გამოწვეული.
ჯამში, ამ ბაზარზე მინდა გითხრათ, რომ კონცენტრაციის მაჩვენებელი დაბალია, კონკურენცია მაღალია და კლინიკებს შორის ძალიან აქტიური კონკურენციაა. ამას ჩვენს ანგარიშში ძალიან კარგად წარმოვადგენთ.
დავხურავთ ასევე პესტიციდების და აგროქიმიკატების ბაზრის მონიტორინგს. აქაც ახლა ვმუშაობთ რამდენიმე ბაზარზე, იდენტიფიცირებულია დომინანტი კომპანია და მაღალი ფასნამატი. რითი არის გამოწვეული, რომ, აი, ეგ სურათი გვქონდეს, და ალბათ რამდენიმე რეკომენდაციით შემოვიფარგლებით“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
სხვა სიახლეები
დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო
23.11.2026.12:07
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო.
შესაბამისად, ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებს და დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს. ასევე გაზმომარაგება არ შეუწყდება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.
„მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ამინდის ცვლილებების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები, რათა ზამთრის პერიოდში ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას გაზის შეფერხებული მიწოდებით გამოწვეული სირთულეები. სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს.
სამუშაოების განახლებული თარიღის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.
მადლობას ვუხდით მოქალაქეებს გაგებისა და მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.