„აბრეშუმის გზის ფორუმში" მსოფლიო ბანკის ციფრული განვითარების მიმართულების მენეჯერი იზაბელ ნეტო მიიღებს მონაწილეობას
იზაბელ ნეტო — მსოფლიო ბანკის ციფრული განვითარების მიმართულების მენეჯერი ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას. ნეტო 22 ოქტომბერს დაგეგმილი პანელური დისკუსიის Digital Transformation: Future-Ready World ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება.
იზაბელ ნეტოს ციფრული განვითარების სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის სერვისებზე ციფრული წვდომის უზრუნველყოფის, ქსელის გაფართოების, სექტორის რეფორმის, რეგულირებისა და სახელმწიფო - კერძო პარტნიორობის განვითარების მიმართულებით. ნეტო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული პორტფელის კოორდინატორი წყნარი ოკეანის რეგიონში, ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" მიმდინარე წლის 22 -23 ოქტომბერს გაიმართება. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე წარმომადგენელი, ასევე სტუმრები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და კერძო სექტორიდან. წლების განმავლობაში „აბრეშუმის გზის ფორუმი" მაღალი დონის, აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საუკეთესო პლატფორმად ჩამოყალიბდა.
წელს ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართება ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და სხვა სექტორული მიმართულებით.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.