აჭარაში გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი გაიხსნა
აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი გაიხსნა. რეგიონში მტაცებელი ფრინველების საშემოდგომო მიგრაციაზე დაკვირვება ორნითოლოგებსა და ფრინველებზე დამკვირვებლებს რამდენიმე სადამკვირვებლო პლატფორმაზე შეუძლიათ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები - სახალვაშო და ჩაისუბანი, საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებს. აქ ფრინველებზე დაკვირვებისთვის პლატფორმებია მოწყობილი და მათთან მისასვლელი ბილიკებიც მარკირებულია.
ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც 15 აგვისტოდან - 15 ოქტომბრის ჩათვლით, 1 000 000 მეტი მტაცებელი ფრინველი მიიკვლევს გზას აფრიკისკენ. აჭარა მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
სხვა სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება - ალექსანდრე დარახველიძე
26.08.2026.14:02
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნავს იმაზეც, რომ ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად გამოვლინდეს და არ დაიშვას სახელმწიფო საზღვარზე.
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. ზოგადად, ზაფხულის პერიოდში გაზრდილია მგზავრთა ნაკადები ტურისტული სეზონის გამო. მონაცემი, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ეყრდნობა, მოიცავს როგორც მგზავრთა საქართველოში შემოსვლის, ისე გასვლის მაჩვენებელს. უნდა აღინიშნოს, რომ გასვლის მაჩვენებელი აღემატება შემოსვლის მაჩვენებელს. აღნიშნული ციფრით ხდება საზოგადოების მანიპულირება, თითქოს უკავშირებენ, რომ ეს არის რუსეთის მოქალაქეების საერთო რაოდენობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მონაცემი შეიცვას როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ჯამურ მაჩვენებელს.
მსურს საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრათ, რომ მონაცემები, რომელიც სპეკულაციურად ვრცელდება, არაა დაკავშირებული რაიმე ტიპის საფრთხესთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, რომ ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად გამოვლინდეს და არ დაიშვას სახელმწიფო საზღვარზე. მოვუწოდებ საზოგადოებას, გადაამოწმონ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებთან და ენდონ იმ მონაცემებს რომელსაც სპეკულაციურად და მანიპულაციურად ავრცელებს ზოგიერთი მედიასაშუალება“, - აღნიშნა დარახველიძემ.