აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება - სულხან თამაზაშვილი
გადაცემაში „იმედის კვირა“ აჭარაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
პოზიტიური მოლოდინებია აჭარაში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.
2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით აჭარაში ბიზნეს სექტორის მაჩვენებელმა 2,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21 პროცენტით აღემატება.
სულხან თამაზაშვილი განმარტავს, რომ უკვე დაგეგმილი ან დაწყებული პროექტების წარმატებით განხორციელება და ბოლომდე მიყვანა, მისი სტრატეგიული საზრუნავია.
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი - „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა.
„ბათუმის შემოსასვლელში მშენებარე „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ არის ინოვაციური პროექტი, რომელიც შედგება ორი ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შერწყმისგან, სადაც მოეწყობა გასართობი, ტურისტული ინფრასტრუქტურა, იქნება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსები და სასტუმროები. ეს, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია EMAAR ჯგუფის მიერ ხელმოწერილი ინვესტიციის განხორციელება, რაც აჭარაში ახალი პროექტები მოიტანს დამატებით, გაზრდილ შემოსავალს აჭარის ბიუჯეტში და საშუალებას მისცემს მთავრობას კიდევ უფრო მეტი სასარგებლო პროექტი დააფინანსოს.
ასევე, მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქვს ამბიციური გეგმა ქობულეთს აღუდგინოს ტურისტული ჰაბის სტატუსი:
,,ქობულეთს ზოგადად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მე ვთვლი, რომ აქ გვაკლია მსოფლიო დონის მსხვილი, ბრენდული სასტუმროები. ძალიან საინტერესო ინვესტორებთან ვართ მოლაპარაკების პროცესში. ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ ქობულეთმა აღიდგინოს ტურისტული ჰაბის სტატუსი“.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.