აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტები გრძელდება
,,დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე საბავშვო ბაღების მშენებლობას მოიცავს. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბათუმში ახალ სასწავლო წელს, დაახლოებით, 2 500 მოსწავლე განახლებულ სასკოლო გარემოში გააგრძელებს სწავლას’’-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, აჭარაში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რამდენიმე პროექტი დასრულებულია, ნაწილზე კი სამუშაოები გრძელდება.
განახლებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი ბათუ გურჯიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შონია, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
ბათუმში სრულად განახლდა №4 და №5 საჯარო სკოლები, რომლებიც ჯამში 1 100 მოსწავლეზეა გათვლილი. ორივე სკოლაში მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და საერთო სივრცეები, განახლდა საინჟინრო სისტემები და მოწესრიგდა გარე ინფრასტრუქტურა. სკოლები სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
№5 საჯარო სკოლაში განახლდა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია, მოეწყო საფეხბურთო მინი მოედანი და სრულად შეიცვალა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. №4 საჯარო სკოლაში, სასწავლო სივრცეებთან ერთად, განახლდა სპორტული მოედანი და სკოლის ეზო, მოწესრიგდა საინჟინრო სისტემები და განხორციელდა შენობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების სამუშაოები.
ორივე სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ათეულობით ახალი სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება.
,,ასევე, დავათვალიერეთ თანამედროვე სტანდარტების და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი საბავშვო ბაღები, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი უკვე განახლებულ გარემოში გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს თანამედროვე და ხარისხიანი ინფრასტრუქტურით’’-განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბათუმში დასრულებულია №3, №12 და №26 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაც. სამი განახლებული ბაღი ჯამში 475 აღსაზრდელზეა გათვლილი.
საბავშვო ბაღებში სრულად განახლდა შიდა და გარე სივრცეები, მოეწყო სასწავლო, სათამაშო და მოსასვენებელი ოთახები, მოწესრიგდა საინჟინრო კომუნიკაციები, გათბობისა და უსაფრთხოების სისტემები, სველი წერტილები და სამზარეულო სივრცეები. განახლებული ბაღები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
ამასთან, ბათუმში გრძელდება №18 და №23 საბავშვო ბაღების სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. №18 ბაღი 250, ხოლო №23 ბაღი 300 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტები ითვალისწინებს არსებული შენობების გამაგრება-გაძლიერებას, შიდა და გარე სივრცეების სრულ განახლებას.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასულ კვირას აჭარაში ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისთვის ტენდერებიც გამოაცხადა. მათ შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის გონიოს დასახლებაში 200 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას ეტაპობრივად აგრძელებს. სამინისტროსთვის პრიორიტეტია როგორც მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად დასრულება, ისე ბავშვებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
სხვა სიახლეები
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში პირველკლასელებმა მეორე დღეს 2 933 ნერგი დარგეს
23.10.2026.17:42
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, მეორე დღეს პირველკლასელებმა 2 933 ნერგი დარგეს.
გამწვანების ღონისძიებები ქედაში, შუახევში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, თიანეთსა და დუშეთში გაიმართა. პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 41 000-ზემეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ.
ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიურიდა ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა.
პლატფორმის საშუალებითშეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.