აღდგენითი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია – TAV Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დიდთოვლობით დაზიანებულ სახურავზე
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia დიდთოვლობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის გადახურვის დაზიანებასთან დაკავშირებით მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღდგენითი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.
„გუშინ, საღამოს საათებში ინტენსიური თოვის დროს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებული იყო და ასეა ამ მომენტშიც. შესაბამისად, როცა მსუბუქი გადახურვა დაზიანდა აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. TAV Georgia აქტიურ აღდგენით სამუშაოებს ატარებს.
ეს ამბავი გუშინ საღამოს, 6 საათისთვის მოხდა და მყისიერად მივაწოდეთ ინფორმაცია მედიებს. ამ დროისთვის სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია“, – აცხადებენ TAV Georgia-ში.
ბათუმის მერიის ინფორმაციით კი მთელი ღამის განმავლობაში ბათუმში მიმდინარეობდა ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები.
ასევე შეფერხებაა წყალმომარაგების ნაწილში, დაზიანდა 1000 მმ-იანი წყალმომარაგების ცენტრალური მილი, რომლის ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის სამუშაოები ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს. დღის განმავლობაში აღმოფხვრილი იქნებ დაზიანება და ეტაპობრივად აღდგება წყალმომარაგება. ამავდროულად ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა მინიმალური შეფერხებები ჰქონდეს ჩვენს თანაქალაქელებს წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების ნაწილში. გამოდარებასთან ერთად, გაიწმინდება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი ქუჩები, შესაბამისად აღდგება სატრანსპორტო მიმოსვლა და საგანმანათლებლო პროცესი
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.