აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.
ამავდროულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. აღნიშნული მარშრუტების ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.
სხვა სიახლეები
26 მაისს, GITA - ს ტექნოლოგიური პავილიონი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იყო წარმოდგენილი
26.05.2026.18:02
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იყო წარმოდგენილი. სააგენტო განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდით დახვდა სტუმრებს. მრავალფეროვანი აქტივობები მოიცავდა 3D მოდელირების ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც 26 მაისის თემატიკაზე შეიქმნა 3D მოდელები და ადგილზე იყო ნაჩვენები ბეჭდვის პროცესი, ჩატარდა ასევე ვორქშოფი თემაზე 3D მოდელირება და ბეჭდვა. ვორქშოფის მონაწილეებმა 3D პრინტერზე დაბეჭდილი 26 მაისის თემატიკის სუვენირებიც მიიღეს საჩუქრად.
GITA - ს სივრცეში საბავშვო აქტივობებიც დაგხვდათ სტუმრებს. Snap circuits და lego spike ვორქშოფში მონაწილეები ჩაერთნენ რობოტების აწყობის პროცესში, დაათვალიერეს რობოტების გამოფენა (DJI რობოტი, MasterPI რობოტი) და თავად შეაფასეს მათი შესაძლებლობები.
GITA-ს პავილიონში წარმოდგენილი იყო ასევე ასაწყობი ფაზლი 26 მაისის თემატიკაზე, დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს დრონების ვორქშოფშიც, რომლის შემდგომაც, დრონების სიმულატორის მეშვეობით, შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად გაეტესტათ დრონის მართვა.
მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ VR სათვალეების ვორქშოფში, სადაც, პრაქტიკულ ნაწილთან ერთად, განხილული იყო VR ტექნოლოგიების გამოყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, ინჟინერია და ა.შ. 3D სკანირების ვორქშოფში კი დაინტერესებულმა პირებმა მოისმინეს პრეზენტაცია 3D სკანირების, როგორც ტექნოლოგიის ინოვაციურ გამოყენებაზე სხვადასხვა ინდუსტრიაში. მოხალისეებმა სადემონსტრაციოდ დასკანერების პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა.
პავილიონში ჩატარდა ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოფი და ასევე მოეწყო საინფორმაციო სივრცე/Touch screen (Android System), სადაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში საზეიმოდ გაიხსნება.
„მოგეხსენებათ, უახლოეს პერიოდში, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, გაიხსნება რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოდ დიდი ტექნოლოგიური ჰაბი. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ წელს, 26 მაისს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პავილიონი ქალაქ ქუთაისში ყოფილიყო წარმოდგენილი. GITA -ს სტენდი არის მინი მოდელი იმისა, თუ რა დახვდება ქუთაისის მოსახლეობას უკვე ტექნოლოგიურ ჰაბში“ - აღნიშნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.