აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას - ვახტანგ გომელაური
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი, თემურ ხარჩილავა, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ გენოს ძე ხარჩილავას გარდაცვალების გამო. 2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.