აღნიშნული ბინა ჩვენთან ფიქსირდება, როგორც დაკეტილი და არ ფიქსირდება მოხმარება - როგორც ჩანს, მისამართზე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე ადამიანების შესვლა და ამ წლის განმავლობაში ჩვენთან ხარჯი არ ფიქსირდება - „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი ფონიჭალაში აფეთქებაზე
აღნიშნული ბინა ჩვენთან ფიქსირდება, როგორც დაკეტილი და არ ფიქსირდება მოხმარება, - განუცხადა „თბილისის ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა ირაკლი დეკანოიძემ საცხოვრებელი კორპუსის ბინის შესახებ, სადაც დღეს დილით აფეთქება მოხდა.
მისი ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ დაზიანების ხარისხის გამო სამსახურის თანამშრომლები მისამართზე ვერ შევიდნენ.
„ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართებიდან რაიმე განაცხადი გაზის სუნთან დაკავშირებით არ ფიქსირდება. რაც შეეხება შემოწმებას, აღნიშნული ბინა ჩვენთან ფიქსირდება, როგორც დაკეტილი და არ ფიქსირდება მოხმარება. როგორც ჩანს, მისამართზე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე ადამიანების შესვლა და ამ წლის განმავლობაში ჩვენთან ხარჯი არ ფიქსირდება”, - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება და შვიდი პირის ძებნა, რომელთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. მისივე განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით კი, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.
ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა გამოჰყავთ - შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
სხვა სიახლეები
სინგაპური საქართველოსთან ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებით დაინტერესებულია - სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორი
19.11.2026.15:41
„მიუხედავად მცირე ზომისა, საქართველოსა და სინგაპურს ახასიათებთ გადაწყვეტილებების მიღების მაღალი მოქნილობა, რაც ინოვაციების სწრაფად დანერგვასა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს", - ამის შესახებ სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ჩია დერ ჯიუნმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო დინამიკურად ვითარდება, ხოლო ქვეყნის აქტიურობა ფინანსურ სექტორსა და ფინტექინდუსტრიაში საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.
ჩია დერ ჯიუნის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით რეგიონული ლიდერის პოზიცია დაიკავოს, ისევე როგორც ეს სინგაპურმა შეძლო. მისი თქმით, ისინი საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას სწორედ ამ პერსპექტივისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით განიხილავენ.
„ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - აღნიშნა ჩია დერ ჯიუნმა.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ნათია თურნავამ სინგაპურელ კოლეგას საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის განვითარების, ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და მარეგულირებლებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სინგაპურის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომლის განხილვის მზადყოფნაც სინგაპურულმა მხარემ უკვე გამოთქვა.
შეხვედრას საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელები გიორგი ედილაშვილი და ვარლამ ებანოიძე ესწრებოდნენ.