აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ქარსაფარი ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა და კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. ცვლილება ეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის კანონით განსაზღვრული ვადის გადაწევას.
მისი ინფორმაციით, მოქმედი კანონის თანახმად, კანონის ამოქმედებამდე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 1 მარტამდე უნდა დაესრულებინა.
„მიუხედავად იმისა, რომ ინვენტარიზაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობდა, დღეისათვის ინვენტარიზაცია განხორციელებულია დაახლოებით 6 000 ჰა-ზე, მაშინ, როდესაც ქარსაფარი ზოლების მთლიანი ფართობი შეადგენს 17 938.15 ჰექტარს. ინვენტარიზაცია ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით ვერ განხორციელდა დადგენილ ვადაში. დამატებით კიდევ გვჭირდება დრო ამ პროცესის დასასრულებლად. ამდენად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის დასრულების ვადად განისაზღვროს 2027 წლის პირველი იანვარი, ნაცვლად 2025 წლის 1 მარტისა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის შეფასებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ქარსაფარი ზოლის მნიშვნელობა განუსაზღვრელია, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, როგორც ინვენტარიზაციის პროცესის დროული დასრულებისთვის, ასევე ქარსაფარი ზოლის განაშენიანების დაჩქარებისთვის.
„თავის დროზე, სწორედ ჩვენი კომიტეტის ინიციატივით შემუშავდა მოქმედი კანონი „ქარსაფარი ზოლის შესახებ“. ამ ინიციატივით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ვინაიდან, გასულ წლებში, განუკითხაობის პერიოდში, ფაქტობრივად განადგურდა ქარსაფარი ზოლები და მივიღეთ სავალალო მდგომარეობა. სამწუხაროდ, დღესაც, ერთწლიანი ნარგავების გადაწვის შედეგად, ბევრგან განადგურდა ქარსაფარი ზოლი“, - განაცხადა გელა სამხარაულმა და იმედი გამოთქვა, რომ სამინისტრო გაითვალისწინებს კომიტეტის თხოვნას და იქ, სადაც უკვე ჩაატარეს აღწერა, პარალელურად დაიწყებენ ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების პროცესს.
პარლამენტი კანონპროექტს გამარტივებული წესით იხილავს.
კომიტეტმა ასევე განიხილა „2022 წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“ N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილის“ რატიფიცირების საკითხი და მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.