აგრარულ საკითხთა კომიტეტში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის თანახმად, საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა საბჭოს 10-კაციანი შემადგენლობა, რომელიც დაკომპლექტებულია სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლებითა და დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებით.
როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა განაცხადა, საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის მიზანია საბჭოს წევრების ცოდნის, გამოცდილებისა და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებით, კომიტეტს გაუწიოს საკონსულტაციო მომსახურება აგრარულ სექტორში არსებული გამოწვევებისა და გადაჭრის გზების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის თაობაზე, სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის შესახებ და ა. შ.
„როდესაც კანონპროექტებს, საკითხებს ვიხილავთ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ადამიანები, დარგის სპეციალისტები ჩართული იყვნენ ამ პროცესებში და გაგვიზიარონ რჩევები სოფლის მეურნეობის დარგის ამა თუ იმ საკითხზე. ეს საბოლოო ჯამში, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება, რომელიც გამოადგება დარგსაც და ჩვენს მოსახლეობასაც", - განაცხადა გელა სამხარაულმა.
კომიტეტმა ასევე დაამტკიცა საკონსულტაციო საბჭოს დებულება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.