აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.01:00
ახალციხეში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
მინისტრმა შესავალ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, სამშენებლო სექტორის სისტემური რეფორმის მიმდინარეობასა და კერძო სექტორთან პარტნიორობის აუცილებლობაზე.
რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დროული და ხარისხიანი განხორციელება, არამედ სამშენებლო სექტორის გაჯანსაღება და კომპანიების გაძლიერება. მინისტრმა ასევე ისაუბრა პროექტების შეფერხების რისკების შემცირების მიზნით შესყიდვების ახალი მიდგომების დანერგვაზე, საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების გაძლიერებაზე.
ამ ეტაპზე სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში 60-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, 17 სკოლის, 9 საბავშვო ბაღის, 7 სპორტული ინფრასტრუქტურის, 8 ურბანული განვითარების, 9 წყალმომარაგებისა და 9 საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტს.
რეგიონში ასევე დაგეგმილია 49 ახალი პროექტის განხორციელება, მათ შორის, 15 სკოლის, 11 საბავშვო ბაღის, 4 სპორტული ინფრასტრუქტურისა და 19 საგზაო პროექტის. დამატებით, 2027 წელს კიდევ სამი საგზაო პროექტის განხორციელებისთვის ტენდერების გამოცხადება იგეგმება.
ამასთან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები. დაფინანსების წყაროებს შორისაა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, სტიქიის პრევენციის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი სახსრები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და სხვა.
რევაზ სოხაძემ და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე სამუშაოების, პროექტების განხორციელების ვადებისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესახებ.
კომიტეტის გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი.