ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
საქართველოში გავრცელდა კიდევ ერთი პირამიდული თაღლითური სქემა, რომელიც PCDAI-ის სახელით მოქმედებს და მოსახლეობას სოციალური მედიის საშუალებით სამსახურის ყალბ შეთავაზებებს სთავაზობს.
სქემის ფარგლებში მოქალაქეებს PCDAI-ის პლატფორმაზე რეგისტრაციისა და ანგარიშის ე.წ. „აქტივაციის“ მიზნით წინასწარი დეპოზიტის გადახდას სთხოვენ (დაფიქსირდა 180, 875, 2000 და 3000 ლარის მოთხოვნის შემთხვევები).
სანდოობის შესაქმნელად, თაღლითები შერჩეულ მსხვერპლს პირველ ეტაპზე მცირე ოდენობის თანხას ურიცხავდნენ, რითიც მის ნდობას იმსახურებდნენ. მას შემდეგ, რაც დაზარალებულებისგან მნიშვნელოვან თანხებს აგროვებდნენ, პლატფორმა წყვეტდა ფუნქციონირებას და კომპანია აღარ იძებნებოდა.
თუმცა, ამით სქემა არ სრულდებოდა - თაღლითები დაზარალებულებს კვლავ უკავშირდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ პლატფორმას ტექნიკური შეფერხება ჰქონდა, ხოლო თანხის დასაბრუნებლად დამატებითი ინვესტიციის განხორციელება იყო საჭირო.
აღნიშნული სქემა წარმოადგენს კლასიკურ ფინანსურ პირამიდას, რომლის მიზანია სამუშაოსა და დამატებითი შემოსავლის მაძიებელი ადამიანების ნდობის მოპოვება და მათი მოწყვლადი მდგომარეობით სარგებლობა.
მსგავსი სქემები შესაძლოა სხვა სახელწოდებითაც გამოჩნდეს. ამიტომ, მომხმარებლები ფხიზლად უნდა იყვნენ და სწრაფად გამდიდრების, გარანტირებული დასაქმებისა თუ არარეალურად მაღალი სარგებლის მიღების შეთავაზებები კრიტიკულად შეაფასონ.
გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:
• არასდროს გადაიხადოთ წინასწარ თანხა სამუშაოს შეთავაზებისთვის: რეალური დამსაქმებელი დეპოზიტს კონკრეტულ ვაკანსიაზე წვდომის სანაცვლოდ არასდროს მოგთხოვთ;
• პოტენციური დამსაქმებლის გადამოწმება: მოიძიეთ და გადაამოწმეთ დამსაქმებელი ორგანიზაცია, მისი ოფიციალური ვებ-გვერდი და საკონტაქტო ოფიციალური არხები;
• დასაქმების სანდო, ცნობილი პორტალებით სარგებლობა: გამოიყენეთ დასაქმების ცნობილი პლატფორმები, სადაც განთავსებულია სხვადასხვა გადამოწმებული განცხადებები;
• ცოდნის გაზიარება და გაფრთხილება: თაღლითები ხშირად პოტენციურ მსხვერპლად მოწყვლად ჯგუფებს ირჩევენ, ამიტომ გააფრთხილეთ ირგვლივ მყოფნი აღნიშნული თაღლითური სქემის შესახებ და გაუზიარეთ ეს რეკომენდაციები;
• გაუფრთხილდით პერსონალურ და პირად ინფორმაციას: არასდროს გააზიაროთ უცნობ სივრცეში და უცნობებთან კონფიდენციალური ინფორმაცია, დაიცავით პირადი მონაცემები, ფინანსური და საბარათე ინფორმაცია.
სხვა სიახლეები
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
30.07.2026.12:10
30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის ერთობლივი ინიციატივით, სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას შრომის ინსპექციის სამსახურის შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბაღდავაძე და პროკურორი თეა გიორგაძე უძღვებოდნენ. ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში ტრეფიკინგის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ მიდგომებს. დასაქმებულებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია შრომითი ექსპლუატაციისგან თავდაცვის მექანიზმებზე, რეაგირების გზებსა და იმ სახელმწიფო სერვისებზე, რომლებიც დაზარალებულთათვისაა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, საუბარი შეეხო იძულებითი შრომის პრევენციას, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სამართლებრივ ასპექტებს. ტრეფიკინგთან ბრძოლა შრომის ინსპექციის სამსახურის უცვლელი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2025 წელს უწყებამ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ 300-ზე მეტი აქტივობა განახორციელა.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.