ახალციხეში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესს და დაგეგმილი პროექტების დეტალებს ადგილზე გაეცნენ, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №124-ში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.
„პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელიც 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მოსწავლეებს უსაფრთხო, თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო გარემოთი უზრუნველყოფს.
სკოლის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება და მისი საერთო ღირებულება 14 მილიონ ლარზე მეტია.
ახალი სასკოლო სივრცე თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ახალციხეში მასშტაბური ურბანული და კულტურული ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება
27.05.2026.14:20
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალციხეში ურბანული, რეკრეაციული და კულტურული სივრცეების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს იწყებს, რომლებიც ქალაქის გარემოს გაუმჯობესებას, ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე, კომფორტული სივრცეების შექმნას ემსახურება, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხის ცენტრალური პარკის პროექტირებას იწყებს.
„პროექტის მიზანია ქალაქის ცენტრში შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის ჯანსაღი ცხოვრების, სოციალური ურთიერთობებისა და კულტურული აქტივობებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის. პროექტის ფარგლებში ცენტრალურ პარკში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, კულტურული, საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეები, ღია სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, ასევე საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი. დაგეგმილია საინფორმაციო და კომერციული პავილიონების, ღია სცენის, პერგოლებისა და შადრევნების მოწყობა.
ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს ახალციხის ციხის კომპლექსისა და ახალციხის ტბასთან მიმდებარე პარკის განვითარების პროექტების მომზადებას. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში უკვე გამოვლენილია ახალციხის ტბის მიმდებარე პარკისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის კონცეფციის გამარჯვებული.
ახალი პარკი კონცეფციურად დაკავშირებული იქნება ქალაქის ცენტრალურ რეკრეაციულ სივრცესთან და მოიცავს საბავშვო, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და დასასვენებელ ზონებს, ასევე საფეხმავლო და საველოსიპედო ინფრასტრუქტურას, ღია სცენას, პავილიონებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებს.
პარალელურად, მომზადდება ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტი, რომლის მთავარი ამოცანაა ისტორიული იერსახისა და ავთენტურობის დაცვით დაზიანებული ნაგებობების აღდგენა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. პროექტი ითვალისწინებს აუცილებელი სარეაბილიტაციო ჩარევების ეტაპობრივ განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს როგორც კომპლექსის უწყვეტ ფუნქციონირებას, ისე რესურსების ეფექტიან მართვას.
განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები ახალციხეში შექმნის ურთიერთდაკავშირებულ ურბანულ და კულტურულ სივრცეებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის ტურისტული მიმზიდველობის ზრდას, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.