აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესყიდვა/დანერგვისთვის 10,5 მლნ ლარი დაიხარჯება
სახელმწიფო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდს“ ყიდულობს, შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის წესით მოხდება და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო „ვოსორიტიდს“ და 2023-2024 წლების განმავლობაში ქვეყანაში მისი ეტაპობრივი დანერგვისთვის 10 450 022 ლარს გადაიხდის.
მედიკამენტი წარმოადგეს ინოვაციურ სამკურნალო საშუალებას და პროტოკოლით რეკომენდებულია მისი გამოყენება მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით აქონდროპლაზიის გენეტიკურად დადასტურებულ შემთხვევებში (შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში).
გეგმის მიხედვით, საწყის ეტაპზე, 2023 წელს, მკურნალობის პროგრამაში უნდა ჩაერთოს 5-6 პაციენტი, ვისთვისაც „შესაძლებლობის ფანჯარა“ შედარებით ხანმოკლეა, ასევე, მძიმე კლინიკური გამოვლინებების მქონე შედარებით ადრეული ასაკის პაციენტები (მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე). ამასთან, მედიკამენტის ინექციები უნდა ჩატარდეს მულტიპროფილურ კლინიკაში დღის სტაციონარის პირობებში. გეგმის თანახმად, ამ ეტაპზე „ვოსორიტიდით“ მკურნალობის პროგრამა განხორციელდება მხოლოდ ქ. თბილისში, 2024 წლიდან ეტაპობრივად მოხდება მომლოდინე პაციენტების ჩართვა ასაკობრივი ზღვარის და „შესაძლებლობის ფანჯრის“ გათვალისიენბით. დაახლოებით 2024 წლის III კვარტლის დასაწყისში ყველა ბენეფიციარი უზრუნველყოფილი იქნება მედიკანენტით, რომელიც განაცხადებს წერილობით თანხმობას მედიკამენტით მკურნალობის დაწყებაზე.
კომპანია "ბიომარინის" მიერ წარმოებულ ინოვაციურ მედიკამენტს "ვოსორიტიდს" 2021 წლის 19 ნომბერს მიენიჭა აშშ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) დაჩქარებული ავტორიზაცია, ხოლო ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ სავაჭრო ავტორიზაცია გაიცა 2021 წლის 26 აგვისტოს. სამინისტრომ, ჯანმრთელობის მსოფილო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ჩართულობით, 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო კონსულტაციები ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან (EURODIS).
მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანა შესაძლებელია „განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესების არსებობისას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობით საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით, არაკომერციული მიზნით შემოტანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №327/ნ ბრძანების თანახმად, მედიკამენტის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციამდე.
მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვის საკითხი შესწავლილ იქნა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, შესაბამისი დარგის ექსპერტების, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით. სამუშაო ჯგუფმა განიხილა და შეაფასა ამ დაავადების მკურნალობის ყველა არსებული, მათ შორის ქირურგიული მეთოდი, მოამზადა დაავადების კლინიკური მართვის პროტოკოლი და განსაზღვრა პაციენტების ჩართვის კრიტერიუმები. მნიშვნელოვანია შემთხვევების ინდივიდუალურ დონეზე შესწავლა, ვინაიდან შესაძლოა ამ მედიკამენტის გამოყენება ყველა პაციენტის შემთხვევაში არ იყოს მიზანშეწონილი.
ქვეყანაში დღევანდელი მონაცემებით გენეტიკურად დადასტურებული აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს 19 ბავშვს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.