ამიერიდან სახელმწიფო უკვე პროფესიულ განათლებაში იქნება როგორც ინვესტორი - გიორგი ამილახვარი
2024 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 2 მილიარდ 508 მილიონი იქნება. მინიმუმ მილიარდი ლარი მოხმარდება 1000-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება მასწავლებლების ხელფასები. 2024-ის უკვე გაწერილ ამბიციურ გეგმას წინ უსწრებდა მიმდინარე წლის სამუშაო კვლევები, პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტილებები, რომელიც სკოლასთან ერთად განათლების შემდეგ საფეხურებსაც ეხება.
„ამიერიდან სახელმწიფო უკვე პროფესიულ განათლებაში იქნება როგორც ინვესტორი. ინვესტორი, რომელიც კერძო სექტორთან და დამსაქმებელთან ერთად გარდა ტექნიკური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერისა, რეალურად შექმნის მათთან ერთად საჯარო-კერძო პარტნიორობის რეალურ მოდელებს. ეს არის სრულიად ახალი ნოვაცია, რომელიც საქართველოში შემოვიდა. ვფიქრობთ, რომ ამ მიდგომით - ერთობლივი პარტნიორობითა და თანამშრომლობით, 1-2 წელიწადში რამდენიმეათასიან სიმძლავრეს შევქმნით, სადაც პრაქტიკულად პირდაპირ მივაწოდებთ შრომის ბაზარს იმ კვალიფიკაციისა და უნარების ადამიანებს, რომლებიც დღეს ძალიან მოთხოვნადები არიან“, - განაცხადა მინისტრმა.
უკვე შერჩეული 7 პროფესიული მიმართულებით, შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას კვალიფიციური კადრებით დააკმაყოფილებენ. პროფესიული განათლების რეფორმის შედეგები მაქსიმუმ ორ წელიწადში უნდა ვნახოთ. ის კი რაც, 2023 წელს განათლების მესამე საფეხურზე მთავარი მოვლენაა, სწავლის დავალიანების განულებაა 30 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტისთვის.
„დაახლოებით 5 ათასამდე სტუდენტმა აღიდგინა სტატუსი. დანარჩენებს ნებისმიერ დროს აქვთ ამის შესაძლებლობა, რომ შემდგომ სემესტრებსა თუ წლებში აღიდგინონ სტატუსი და დაუბრუნდნენ უმაღლეს განათლებას. ჩვენ 2023 წელს გავაორმაგეთ სტუდენტების სტიპენდია და 150 ლარის ნაცვლად 300 ლარი გავხადეთ წარჩინებული, წარმატებული სტუდენტებისთვის. რაც ასევე მნიშვნელოვანია, თუ აქამდე დაახლოებით 2 500 სტუდენტი იღებდა 150-ლარიან სტიპენდიას, ეს რაოდენობაც გავაორმაგეთ და ახლა უკვე 5 000 სტუდენტი მიიღებს 300-ლარიან სტიპენდიას“, - განაცხადა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.