ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს გიორგი შარაბიძე შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში ხვდება. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს.
ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება.
მან ასევე დეტალურად ისაუბრა დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის როლსა და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე.
ასევე ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასა და მის გავლენაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ინტერაქციის რეჟიმში წარიმართა და დისკუსიას დაეთმო. ბანაკის მონაწილეებმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს სხვადასხვა საარჩევნო თემაზე არაერთი კითხვა დაუსვეს და მისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრა 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის ამაღლებას.
სხვა სიახლეები
ატმისა და ვაშლატამის ექსპორტთან დაკავშირებული პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს - ლაშა დოლიძე
18.08.2026.14:08
საქართველოში მიმდინარე სეზონზე ატმისა და ვაშლატამის მოსავალი, სავარაუდოდ, 17 000-18 000 ტონას მიაღწევს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლაშა დოლიძის განცხადებით, საექსპორტო ფასი შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო გასულ კვირას ექსპორტთან დაკავშირებით არსებული შეფერხებები პრაქტიკულად აღმოფხვრილია.
„ატმისა და ვაშლატამის მოსავალი, დაახლოებით, 17 000-დან 18 000 ტონამდე იქნება. რაც შეეხება საექსპორტო ფასს, შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის და მხოლოდ მცირედი სხვაობა ფიქსირდება.
გასულ კვირას ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები დაფიქსირდა, თუმცა ეს პრობლემები პრაქტიკულად აღმოფხვრილია. პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს. თანდათანობით გადის ის პროდუქციაც, რომელიც საზღვარზე, მაცივრებში ინახებოდა. ვფიქრობ, ექსპორტის პროცესი ნორმალურად გაგრძელდება და შესაბამისი შედეგებით დასრულდება.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხარდაჭერას, სულ ცოტა ხნის წინ განახლდა და შეიცვალა აგროთანადაფინანსების პროგრამა. ატმისა და ვაშლატამის წარმოების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. გარდა ამისა, ვფიქრობთ, სპეციალური ღონისძიებები გავატაროთ ცოდნის გავრცელების მიმართულებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოვიძიოთ უკეთესი გასაღების ბაზრები და ვაწარმოოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია” - განაცხადა ლაშა დოლიძემ.