ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება, აშენდება სათანადო ვადებში და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას - ირაკლი კობახიძე
ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება, აშენდება სათანადო ვადებში და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა კონცენტრირებულია ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე.
„ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორზე. მთავარი არის ის, რომ ანაკლიის პორტი აშენდება და სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება მოგვიანებით. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე. ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება, აშენდება სათანადო ვადებში და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
20.09.2026.15:51
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცერს პროფესიონალიზმისათვის, პასუხისმგებლობისა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.
მან, ასევე, წარმატებები უსურვა შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელებს მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამსახურის განვითარებაში.
ლაშა ხუციშვილმა, კიდევ ერთხელ, გაუსვა ხაზი თანამედროვე საბაჟოს როლს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის საქმეში.
„თანამედროვე საბაჟო გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი. ეს მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვას, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, ასევე, კანონშესაბამისი საქმიანობის წახალისებას, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე საქართველოს გლობალური როლიდან გამომდინარე. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და სატრანზიტო ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მებაჟე-ოფიცრების მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ ეს ფუნქცია წარმატებით განახორციელოს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საბაჟო სამსახურმა ბოლო წლებში წარმატებებს მიაღწია, როგორც ტექნოლოგიური, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, უწყების მიზანია მუდმივად ვითარდებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
„მებაჟე-ოფიცრებო, თქვენი 24-საათიანი მუშაობით, ყოველი ახალი დღე საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საბაჟოს, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული განვითარების მიმართულებით მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობის მაღალი პროფესიული სტანდარტი მომავალშიც შენარჩუნდება.