ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისი“ საქართველო - გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებზე ვებინარი გამართა
ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისი“ საქართველო - გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებზე ვებინარი გამართა. ღონისძიება საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის ვიზიტს, მის მნიშვნელობასა და შედეგების განხილვას მიეძღვნა.
ვებინარის სპეციალური სტუმარი და მომხსენებელი იყო ერნსტ პეტერ ფიშერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. განხილვას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა.
ელჩმა ფიშერმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი და ის გზავნილები მიმოიხილა, რომელიც ანალენა ბერბოკმა ვიზიტისას მთავრობის წევრებთან და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაახმოვანა.
ელჩმა აღნიშნა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი შესაძლებლობებისა და გამოწვევების არსებობის დროს განხორციელდა - ახლა ყველა 2023 წლის დეკემბერის მოლოდინშია, როდესაც ევროკავშირის კომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მისი თქმით, მინისტრმა ბერბოკმა ნათლად აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიღება გერმანიის ინტერესებშია, თუმცა, საქართველოს გადასაწყვეტია, დააკმაყოფილებს თუ არა იმ სტანდარტებს, რომლებიც აღნიშნული სტატუსის მისაღებად და შემდგომ ევროკავშირში გასაწევრიანებლადაა საჭირო.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა, ასევე, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებების, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მდგრადი, პლურალისტური დემოკრატიის ძირითადი ღირებულებების სტანდარტების დაცვას“, - აღნიშნა ელჩმა ფიშერმა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრებმა, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებმა, რომლებიც გაერთიანებას მოგვიანებით შეუერთდნენ, დიდი სარგებელი მიიღეს სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების, კეთილდღეობისა და მშვიდობის სახით. ეს არის ის, რითაც საქართველოსაც შეუძლია ისარგებლოს და მნიშვნელოვანია, რომ ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან არ გაუშვას.
პეტერ ფიშერმა ასევე აღნიშნა: „ევროკავშირში გაწევრიანება, ერთი მხრივ, ჩვენს წესებსა და კრიტერიუმებს, მეორე მხრივ კი, პრაგმატიზმსა და გეოპოლიტიკურ შეხედულებებს შორის ბალანსის დაცვის საკითხია. ჩვენ არ გვსურს, აქ ვაკუუმის დატოვებით ისარგებლოს რუსეთმა“.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქართული საზოგადოების დეპოლარიზაციის მნიშვნელობაზე, ასევე, მან ქართულ მხარეს ევროპის დედაქალაქებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და გაძლიერება ურჩია.
დისკუსიის დროს ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და გერმანიას შორის მტკიცე პარტნიორულ ურთიერთობებს და გერმანიის მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს განვითარების ხელშეწყობაში.
„გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენ ველით, საქართველოსთვის მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭების დატვირთვა არ გააჩნია. თუკი ჩვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება, ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს, რამედ ევროკავშირის მარცხიც. საქართველოს გამარჯვება ევროკავშირის გამარჯვებაცაა. საქართველოს მარცხი კი ევროკავშირის პოლიტიკის წარუმატებლობა იქნება როგორც საქართველოში, ასევე მთელს რეგიონში.“ - დასძინა მან.
ვებინარზე, შუა დერეფნის კონცეფციისა და შავი ზღვის ენერგო-კაბელის პროექტის კონტექსტში, საქართველოს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, შესაძლოა, ის გახდეს სტაბილურობისა და განვითარების ცენტრი სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ქვეყნებისთვისაც.
იხილეთ ვებინარის ჩანაწერი ინგლისურ ენაზე
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.