აპლიკაცია Fix Tbilisi ამოქმედდა, მოქალაქეები ვანდალიზმის ფაქტების დაფიქსირებას შეძლებენ
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს მერიის ახალი აპლიკაციის - Fix Tbilisi - ფუნქციები და შესაძლებლობები გააცნო.
Fix Tbilisi, როგორც მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიური კომუნიკაციის საშუალება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირების მიზნით შეიქმნა.
აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება.
მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიუთითოს მისამართი და დაურთოს აღწერა. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე ამავე აპლიკაციის საშუალებით მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა პრობლემის მოგვარება.
„ბევრი მოქალაქე დარეგისტრირებულია მერიის სხვადასხვა პროგრამაში და იმავე მონაცემებით შეუძლიათ აღნიშნული აპლიკაციის მოხმარება, ასევე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. თუ შევნიშნეთ რაიმე დაზიანება, შევდივართ აღნიშნულ აპლიკაციაში, ვირჩევთ ოთხიდან ერთ კატეგორიას, ვიღებთ ფოტოს, ვუთითებთ მისამართს, ასევე ვწერთ აღწერილობაში, თუ რა არის დაზიანებული და ეს ინფორმაცია იგზავნება შესაბამის სამსახურში, რასაც ძალიან მალე მოჰყვება რეაგირება. მოქალაქეს, ვინც გაგზავნა ინფორმაცია, უბრუნდება პასუხი, თუ რა ეტაპზეა მის მიერ გადაგზავნილი პრობლემის მოგვარება და რამდენ ხანში გაკეთდება.
როდესაც დასრულდება, ასევე მიიღებს შეტყობინებას. აპლიკაციაში არის ორი დაფა - ჩემი დაფიქსირებული საკითხები და ჩემი მოგვარებული საკითხები. ეს აპლიკაცია კიდევ უფრო გვიმარტივებს სიტუაციას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ქალაქზე, ჩართულია ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრაში და გვიგზავნის ინფორმაციას „ფეისბუქის“ და ცხელი ხაზის საშუალებიდან,
თუმცა, დღეიდან შესაძლებელია კიდევ უფრო გავამარტივოთ ეს კომუნიკაცია, ვითანამშრომლოთ Fix Tbilisi-ს საშუალებით და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც აწუხებს მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე ვანდალიზმის პრობლემაზეც ისაუბრა.
„ამაზე ჩვენ არაერთხელ გავავრცელეთ ინფორმაცია. საზოგადოებას მივაწოდეთ კონკრეტული ფაქტები და ვიდეოები, თუ როგორ აზიანებენ მიზანმიმართულად კონკრეტულ ინფრასტრუქტურას.
ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ და ავუხსნათ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, რომ ის, რაც კეთდება დედაქალაქში - პარკები, განახლებული გამზირები, მოწესრიგებული ქუჩები, პირველ რიგში კეთდება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის და მნიშვნელოვანია თბილისისთვის.
ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მოვუფრთხილდეთ ამ ყველაფერს და ასე გადავცეთ მომავალ თაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. Fix Tbilisi-ს აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია google play store-დან ან app store-დან.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.