არაერთხელ მომისმენია პატრიარქის ქადაგება და თხოვნა ემიგრანტებისადმი, რომ საბოლოოდ დაბრუნებულიყვნენ საქართველოში - შალვა სუთიაშვილი
თბილისის საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის შესახებ საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, პატრიარქის დიდი სურვილი იყო ემიგრანტები საქართველოში დაბრუნებულიყვნენ.
„მინდა გამოვთქვა დიდი მწუხარება უწმინდესის გარდაცვალების გამო და გავიხსენო ჩემი პირველი შეხვედრა უწმინდესთან, რომელიც 2011 წელს შედგა პარიზში. რაც განსაკუთრებით დამამახსოვრდა, იყო მოწოდება საქართველოში დაბრუნების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ჩასული ვიყავი საფრანგეთში, ხშირად მიტრიალებდა თავში აზრი დაბრუნების შესახებ, თუმცა ვგრძნობდი, რომ ეს დღე ჯერ შორს იყო. 2014 წელს მქონდა ბედნიერება ხელახლა შევხვედროდი პატრიარქს. ხანმოკლე საუბრის დროს მან ისევ ხაზი გაუსვა ყველა ემიგრანტის საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნების მნიშვნელობას. ამ ნათქვამმა კიდევ უფრო მეტი გამბედაობა მომცა, რომ მეფიქრა ოჯახით საქართველოში დაბრუნებაზე, რაც მართალია მოგვიანებით, თუმცა სისრულეში მაინც მოვიყვანე. მე არაერთხელ მომისმენია მისი ქადაგება ემიგრანტების მიმართ და მათდამი თხოვნა, რომ საბოლოოდ დაბრუნებულიყვნენ საქართველოში“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პატრიარქის სურვილი აუცილებლად აღსრულდება და ემიგრანტები საქართველოში დაბრუნდებიან.
„დღეს მე, როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის წევრს, მაქვს ბედნიერება, ჩემი წვლილი შევიტანო, ერთის მხრივ, ჩვენი ტრადიციების, ღირებულებებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში. რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პატრიარქის სურვილი ბოლომდე განხორციელდეს და ჩვენმა ემიგრანტებმა თამამად შეძლონ საკუთარ სამშობლოში დაბრუნება“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გაიმარჯვა სტარტაპმა Goni, რომელმაც GITA-ს 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
30.10.2026.20:41
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გამოვლინდა გამარჯვებული სტარტაპი - Goni. გუნდის წევრებმა, თინა სიხარულიძემ და ნიკოლოზ დარსალიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 20,000-ლარიანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვეს.
ღონისძიებას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიგი კეჟერაშვილი დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცა.
Fintech ჰაკათონში, რომელიც ორ - ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის მიმართულებებს აერთიანებდა, 28 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეები ინტენსიურად მუშაობდნენ ფინანსური სექტორის წინაშე არსებული რეალური გამოწვევების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე. ტრენინგების, ონლაინ და პირისპირ მენტორშიფ-სესიებისა და პირველადი შერჩევის ეტაპის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა. მათ საკუთარი პროექტები Demo დღეზე ჟიურის წარუდგინეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ჰაკათონის გამარჯვებული გახდა სტარტაპი Goni, რომელმაც მიმართულებაში - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორში“- საუკეთესო შედეგი აჩვენა. სტარტაპი შექმნილი პროტოტიპის შემდგომ განვითარებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსებით გააგრძელებს. პროექტის პარტნიორების - Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, გუნდი Goni ასევე გაემგზავრება დუბაიში, სადაც გლობალურ ტექნოლოგიურ გამოფენას - GITEX Global 2026-ს დაესწრება.
ჰაკათონის მეორე მიმართულებაში - „ღია ბანკინგის API-ების დიაგნოსტიკა და ბენჩმარკინგი“ - საუკეთესო გუნდად Faeda AI დასახელდა. გუნდის წევრებმა, ორხან შამილოვმა და ნუცა ზალუაშვილმა, Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, აზიის ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ღონისძიებაზე - Singapore FinTech Festival 2026-ზე დასწრების შესაძლებლობა მოიპოვეს, სადაც ისინი საკუთარ პროექტს საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგენენ.
Fintech ჰაკათონი მიზნად ისახავდა ფინტექ სექტორში ინოვაციური და მასშტაბირებადი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ტალანტების განვითარებასა და ფინანსურ ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის სტანდარტების დანერგვის წახალისებას. პროექტი 15 ოქტომბერს თბილისის ტექნოპარკში დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო სტარტაპერებმა. ჰაკათონის განმახორციელებელი კომპანიაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool).